ტრადიციულად, ქალის Ready to wear სამოსის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონი ნიუ-იორკიდან დაიწყება და შემდეგ გადაინაცვლებს ევროპის კონტინენტზე.
კვირეულების ზოგადი განრიგი ასე გამოიყურება:
- 10 – 15 თებერვალი: ნიუ-იორკის მოდის კვირეული
- 17 – 21 თებერვალი: ლონდონის მოდის კვირეული
- 21 – 27 თებერვალი: მილანის მოდის კვირეული
- 27 თებერვალი – 7 მარტი: პარიზის მოდის კვირეული
ნიუ-იორკში მოდის კვირეულს რამდენიმე დიდი სახელი დააკლდება. ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს მიერ გავრცელებულ დეტალურ კალენდარში არ ვხვდებით ისეთ ამერიკელ დიზაინერებს, როგორებიც არიან: ტომ ფორდი, მარკ ჯეიკობსი და რალფ ლორენი. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ Marc Jacobs-მა მოდის კვირეულის მიღმა უკვე წარადგინა 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია. რალფ ლორენის და ტომ ფორდის მოდის სახლებისგან კი, ოფიციალურ განცხადებებს ახლო მომავალში უნდა ველოდოთ. რაც შეეხება მონაწილე დიზაინერების შემადგენლობას, მიუხედავად დიდი დანაკლისისა, მოდის მოყვარულებს ნიუ-იორკი მაინც შესთავაზებს საინტერესო ხედვას და გამოცდილებას. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ისეთი ბრენდების ჩართულობა, როგორებიცაა: Proenza Schouler, Michael Kors, Thom Browne, Khaite, Laquan Smith.
გაზვიადებული არ იქნება თუ დავწერთ, რომ ლონდონის მოდის კვირეულზე ყველაზე მეტად დენიელ ლის Burberry-ის ელიან. გასული წლის ოქტომბერში, დენიელ ლი Burberry-ის შემოქმედებით დირექტორად დასახელდა. მან ხსენებულ პოზიციაზე იტალიელი დიზაინერი რიკარდო ტიში შეცვალა. ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიზაინერის სადებიუტო კოლექციის შოუ ლონდონში 20 თებერვალს გაიმართება. ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება David Koma-ს ჩვენებაც. ქართველი დიზაინერი 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას 18 თებერვალს წარადგენს.
მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური განრიგისთვის თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ შევნიშნოთ მნიშვნელოვანი დანაკლისი – Versace. იტალიური მოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი ახალ კოლექციას ლოს-ანჯელესში, “ოსკარების” დაჯილდოებამდე ორ დღით ადრე წარადგენს. მიუხედავად ამისა, მილანი ახალ სეზონზე, მაინც საკმარისად დატვირთული იქნება. ჩამონათვალში ვხედავთ ისეთ მოდის სახლებს, როგორებიცაა: Diesel, Fendi, Prada, Armani, Gucci. ეს უკანასკნელი კვლავ კრეატიული დირექტორის გარეშე წარადგენს ახალ კოლექციას. უკვე ცნობილია, რომ ალესანდრო მიკელეს შემდეგ, Gucci-ს კრეატიული დირექტორის პოზიციას Sabato De Sarno დაიკავებს, თუმცა დე სარნოს ხელმძღვანელობით, “გუჩის” შოუს სექტემბერში, გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ვიხილავთ.
ქალის სამოსის მოდის კვირეულის შემოდგომა/ზამთრის სეზონი პარიზში დასრულდება. Fédération de la Haute Couture et de la Mode-ს გამოქვეყნებული ოფიციალური განრიგის მიხედვით, კვირეულის ფარგლებში 107 ფიზიკური და ციფრული პრეზენტაცია მოეწყობა. კვირეული Institut Français de la Mode-ს სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩვენებით ოთხ საათზე გაისხნება. განრიგიდან განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ბალენსიაგას შოუ, რომელიც პარიზში სეზონის ყველაზე დამაინტრიგებელი ჩვენებაა. Balenciaga გლობალური მასშტაბის სკანდალის აგორების შემდეგ პირველად გამართავს ჩვენებას. დემნა ფრანგული მოდის სახლისთვის შექმნილ თავის ნამუშევრებს 5 მარტს, პარიზის დროით 11 საათსა და 30 წუთზე წარადგენს.
პარიზის მოდის კვირეულს და შესაბამისად, 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონს, Chanel-ის და Miu Miu-ს მოდის სახლები 7 მარტს დახურავენ.