ერთი წელია გასული მას შემდეგ, რაც სიდნი სვინის მონაწილეობით გადაღებულმა „American Eagle“-ის სარეკლამო კამპანიამ საზოგადოებაში მწვავე დისკუსია გამოიწვია. ახლა ამერიკელი მსახიობი კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში, ამჯერად სპორტული თემატიკის რეკლამის გამო.

9 სექტემბერს, სპორტული პროგნოზირების  ამერიკული კომპანიის, Novig-ის ახალი სარეკლამო რგოლი გამოქვეყნდა, რომლის სახეც სიდნი სვინია. ვიდეოში მსახიობი ბურთებთან და სხვა სპორტულ აღჭურვილობებთან ერთად, შიშველი პოზირებს. მაგალითად, ერთ-ერთ სცენაში, სვინი კალათბურთის ფარზე შიშველი ზის და სხეულს  ბურთით იფარავს. სწორედ კამპანიის ვიზუალურმა მხარემ გამოიწვია კრიტიკა, განსაკუთრებით – პროფესიონალი სპორტსმენი ქალების მხრიდან, რომლებმაც განაცხადეს, რომ რეკლამა ჰიპერსექსუალიზებულია და ზიანს აყენებს სპორტში ჩართული ქალების იმიჯს.

(c) Novig

რეკლამის გავრცელების შემდეგ, ინტერნეტს ვირუსულად მოედო კონტენტი, სადაც ქალი სპორტსმენები და არა მხოლოდ, აზიარებენ კადრებს სპორტული შეჯიბრებებიდან და ვარჯიშებიდან და მიუთითებენ, რომ „სწორედ ასე გამოიყურება ქალი სპორტში“ და არა ისე, როგორც მას სიდნი სვინი წარმოაჩენს Novig-ის კამპანიაში.

(c) Novig

კრიტიკაზე საპასუხოდ, მსახიობმა ინსტაგრამზე ESPN-ის ცნობილი ნომრის, ე.წ, „The Body Issue“-ს ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც წარსულში, სხვადასხვა ცნობილი სპორტსმენი შიშველი, ან ნახევრად შიშველი არის გამოსახული. სიდნის პოსტებზე კრიტიკოსების ნაწილი აღნიშნავს, რომ ESPN-ის „The Body Issue“-სგან განსხვავებით, Novig-ის რეკლამა, „მამაკაცების ცნობისმოყვარეობისა და სურვილების დაკმაყოფილებას ემსახურება“ და არა ქალი ათლეტების სპორტული სხეულებისა და მიღწევების აღნიშვნას.

(c) Novig

Novig-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიქობ ფორტინსკიმ Front Office Sports-თან საუბრისას განმარტა, რომ სვინი თავად იყო ინიციატორი კამპანიის ამ ვიზუალური მიმართულებით გადაღებაში. მისივე თქმით, სარეკლამო რგოლის გადაღებამდე,  კომპანიამ საკმაოდ მასშტაბური ბაზრის კვლევა ჩაატარა და საბოლოოდ, გადაწყვეტილება „რისკიან, მაგრამ თამამ ნაბიჯზე“ შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ სიდნი სვინი Novig-ის სტრატეგიული პარტნიორი და წილის მფლობელიცაა.