2026 წლის 9 ოქტომბერს, Saint Laurent-ის მოდის სახლმა დაადასტურა სიახლე, რომ ბელგიელი დიზაინერი, ენტონი ვაკარელო შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობას ტოვებს. ამით დასრულდა ათწლიანი პერიოდი მოდის სახლის ისტორიაში, რომლის განმავლობაშიც, ბელგიელმა დიზაინერმა Saint Laurent-ის ესთეტიკა საკუთარი ხელწერით გაამყარა და განავითარა. თუმცა Saint Laurent-ის ისტორია არასდროს ყოფილა მხოლოდ ერთი დიზაინერის ისტორია. ლეგენდარული ფრანგი დიზაინერის, ივ სენ ლორანის შექმნილი მოდის სახლი, სხვადასხვა ეპოქაში, განსხვავებული შემოქმედებითი ლიდერის ხედვის ქვეშ ვითარდებოდა – ზოგმა დამფუძნებლის მემკვიდრეობა გააგრძელა, ზოგმა კი, ბრენდის იდენტობა განსხვავებულად წარმოაჩინა. ზოგმა მეტად, ზოგმაც ნაკლებად, თუმცა უდავოა, რომ თითოეულმა მათგანმა Saint Laurent-ის ისტორიაში საკუთარი კვალი დატოვა.

ივ სენ ლორანი 1939 წლის პირველ აგვისტოს, ალჟირის ქალაქ ორანაში დაიბადა, 17 წლის ასაკში, იგი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მოდის დიზაინის სწავლა დაიწყო. ჯერ კიდევ თინეიჯერმა მონაწილეობა მიიღო International Wool Secretariat -ის ორგანიზებულ კონკურსში, სადაც მისი შექმნილი კაბა საუკეთესოდ აღიარეს და პირველი ადგილის პრიზიც მიანიჭეს. გამარჯვების შემდეგ, ახალგაზრდა ფრანგი დიზაინერი, პარიზის ვოგის მაშინდელმა რედაქტორმა, მიშელ დე ბრიუნჰოფმა კრისტიან დიორს წარუდგინა. კრისტიან დიორმა 18 წლის ივ სენ ლორანი ასისტენტად აიყვანა. სენ ლორანი დიორს ასისტენტობას 1957 წლამდე უწევდა. 1957 წელს, დიორის გარდაცვალების შემდეგ, Christian Dior -ის მოდის სახლის შემოქმედებით დირექტორად 21 წლის ივ სენ ლორანი დასახელდა. სწორედ Christian Dior -ში მუშაობის პერიოდში, სენ ლორანმა გაიცნო პიერ ბერჟე, რომელიც მისი ჯერ რომანტიკული, ხოლო შემდეგ უკვე ბიზნეს პარტნიორიც გახდა. 1961 წელს, ბერჟესთან ერთად, ივ სენ ლორანმა საკუთარი მოდის სახლი “Yves Saint Laurent” დააარსა.



სენ ლორანის მოდა მხოლოდ ლამაზად შეკერილი ქსოვილი არასდროს ყოფილა – იგი თავისი კოლექციებით ქალის სოციალური როლის, თავისუფლებისა და თვითგამოხატვის საკითხებსაც ეხებოდა, გამომდინარე აქედან, მოდაში ხშირად მოისმენთ, რომ კოკო შანელის შემდეგ, ყველაზე დიდი გარდატეხა, ქალის ჩაცმის სტილსა და ფსიქოლოგიაში, სწორედ ივ სენ ლორანმა შეიტანა.

ივ სენ ლორანის დიდების პერიოდად 1960-იანი და 70-იანი წლები შეგვიძლია დავასახელოთ. 80-იანი წლებიდან, ფრანგულ მოდაში განსხვავებულმა სტილმა დაიწყო პოპულარობის მოხვეჭა, რაც დიდწილად იაპონელი დიზაინერების, იოჯი იამამოტოსა და რეი კავაკუბოს საერთაშორისო არენაზე გამოჩენას უკავშირდებოდა. მიუხედავად ამისა, 90-იან წლებამდე, სენ ლორანის აქტიურად ქმნიდა, როგორც ყოველდღიურ, ისე “Haute Couture” კოლექციებს. 1990-იანი წლების ბოლოდან, კერძოდ 1998 წელს, ბრენდისთვის ყოველდღიური (ე.წ. Ready To Wear) კოლექციების შექმნა ახალგაზრდა დიზაინერმა, ალბერ ელბაზმა დაიწყო.



Yves Saint Laurent-ში ალბერ ელბაზის ერა შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც ერთგვარი გარდამავალი, ხანმოკლე პერიოდი ბრენდის ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც ელბაზი Yves Saint Laurent-ის ყოველდღიური ტანისამოსის ხაზს ჩაუდგა სათავეში, ივ სენ ლორანი კვლავ მუშაობდა “Haute Couture” მიმართულებით. შესაბამისად, ალბერის როლი არ ყოფილა ივ სენ ლორანის სრული ჩანაცვლება.

ალბერ ელბაზის ხედვა განსხვავდებოდა იმ ხშირად ანდროგენული ესთეტიკისგან, რომლითაც Saint Laurent იყო ცნობილი. ალბერის კოლექციები უფრო ფემინური და მსუბუქი იყო, მის ჩვენებებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა შიფონს, დეკორატიულ დეტალებს, ბუმბულით გაფორმებულ ზედებსა და ატლასის პალტოებს. ეს იყო უფრო ნაზი, ქალური ინტერპრეტაცია, რომელიც მოდის სახლის კოდებს ახალ ფორმას სთავაზობდა. მოდის სახლში ელბაზის მოღვაწეობა 1999 წელს, Gucci Group-ის (დღევანდელი Kering) მიერ Yves Saint Laurent-ის ბრენდის შეძენის შემდეგ დასრულდა. Gucci Group-ის (დღევანდელი Kering) მიერ მოდის სახლის შეძენამ Yves Saint Laurent-ის ისტორიაში ახალი თავი გახსნა, რომელიც სიმბოლურად, ახალი საუკუნის დასაწყისსაც დაემთხვა.



21-ე საუკუნის დასაწყისში, მოდის სახლის ყოველდღიური ხაზის შემოქმედებით დირექტორად ამერიკელი დიზაინერი, ტომ ფორდი დაინიშნა, რომელიც პარალელურად, Gucci-ის მოდის სახლის შემოქმედებითი დირექტორიც იყო. თუ ივ სენ ლორანისთვის ტანსაცმელი ქალის გათავისუფლებისა და ძალაუფლების სიმბოლო იყო, ფორდმა ბრენდის ესთეტიკა უფრო პროვოკაციული და მკვეთრი გლამურის მიმართულებით განავითარა. მის ნამუშევრებში სექსუალური სილუეტები და მდიდრული ქსოვილები დომინირებდა. ხაზგასასმელია, რომ ფორდის ხელმძღვანელობის პერიოდშიც, ივ სენ ლორანი ჯერ კიდევ ქმნიდა მაღალი მოდის (ე.წ. Haute Couture) კოლექციებს. სენ ლორანი მოდიდან ოფიციალურად 2002 წელს წავიდა, როდესაც მოდის სახლში “Haute Couture” მიმართულება საბოლოოდ დაიხურა. 2002 წლიდან, ბრენდი მთლიანად გადაერთო ყოველდღიური ტანისამოსის წარმოებაზე.

ტომ ფორდის ერა 2004 წელს, ფორდის Gucci Group-იდან (დღევანდელი Kering) წასვლით დასრულდა. ტომ ფორდის შემდეგ, Yves Saint Laurent-ს სათავეში იტალიელი დიზაინერი, სტეფანო პილატი ჩაუდგა, რომლის ერაც უფრო მშვიდი და უსაფრთხო აღმოჩნდა. ფორდის პროვოკაციული მიდგომის ნაცვლად, პილატის ნამუშევრებში უფრო კლასიკური, არქიტექტურული სილუეტები, პარიზული ელეგანტურობა და მოდის სახლის ისტორიული კოდების გააზრებული გადამუშავება გამოიკვეთა. სტეფანო პილატის რვაწლიანი მოღვაწეობა 2012 წელს დასრულდა, როდესაც მოდის სახლს სათავეში ფრანგი დიზაინერი, ედი სლიმანი ჩაუდგა.



სლიმანის ერა ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და სკანდალური იყო ბრენდის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ იგი ბრენდისთვის სრულიად უცხო ფიგურა არ ყოფილა, რადგან 1990-იან წლებში, ედი სლიმანი Yves Saint Laurent-ის მამაკაცის ტანსაცმლის ხაზზე მუშაობდა, 2012 წელს, ედი მოდის სახლში გაცილებით ფართო პასუხისმგებლობით დაბრუნდა და მეტად რადიკალური ცვლილებებიც განახორციელა.

სწორედ სლიმანის გადაწყვეტილებით, მოდის სახლის ოფიციალური სახელწოდება შეიცვალა – “Yves Saint Laurent” გახდა “Saint Laurent”. Yves -ის ჩამოშორებამ მოდის პრესაში მწვავე კრიტიკა გამოიწვია, თუმცა სლიმანის მმართველობის ოთხწლიანი პერიოდი მხოლოდ სახელის ცვლილებით არ იყო საკამათო.



ფრანგმა დიზაინერმა Saint Laurent-ის ესთეტიკა როკენროლს, ახალგაზრდულ სუბკულტურებსა და ვიწრო სილუეტებს დაუკავშირა. ტყავის ქურთუკები, ვიწრო შარვლები, შავი ფერი, გრანჟისა და მუსიკალური სცენის გავლენები მისთვის მხოლოდ სტილისტური ელემენტები არ ყოფილა – ისინი ბრენდის ახალი იდენტობის ნაწილად იქცა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კრიტიკული შეფასებებისა, ედი სლიმანის კოლექციებმა ბრენდს კომერციული წარმატება მოუტანა.

2016 წელს, ედი სლიმანის ესთეტიკური საფუძველი ენტონი ვაკარელომ გააგრძელა. ენტონის მიმართ არსებობდა მოლოდინი – სლიმანის მიერ დამკვიდრებული კომერციული და ესთეტიკური იმპულსის შენარჩუნება, თუმცა ამავდროულად საკუთარ ხელწერის დამკვიდრება და მოდის სახლის ისტორიაში ახალი ისტორიის განვითარება. დღევანდელი გადმოსახედიდან, შეიძლება ითქვას, რომ ბელგიელმა დიზაინერმა დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებით გაართვა.



ახლა, როდესაც ენტონი ვაკარელოს ათწლიანი ერაც დასრულდა, მოდის სახლი კვლავ გარდამავალ ეტაპზე იმყოფება. მომდევნო დიზაინერის მთავარი გამოწვევა მხოლოდ წარმატებული წინამორბედის ჩანაცვლება არ იქნება. მას მოუწევს საკუთარი ხედვის ჩამოყალიბება ისე, რომ Saint Laurent-ის მემკვიდრეობა არც მუზეუმის ექსპონატად აქციოს და არც წარსულთან კავშირი დაკარგოს.




