ჯორჯო არმანის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, Armani Group-ში მნიშვნელოვანი ცვლილებები იწყება. 16 სექტემბერს, მოდის სახლმა გაავრცელა სიახლე, რომ იტალიელი დიზაინერი, დარიო ვიტალე Emporio Armani-ის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. იგი უხელმძღვანელებს Giorgio Armani-ის აქსესუარების ხაზსაც.

Armani Group-ში სხვადასხვა ხაზი განსხვავებული აუდიტორიისთვის არის შექმნილი. Giorgio Armani ბრენდის მთავარი, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დახვეწილი ხაზია, რომელიც განკუთვნილია ძალიან მდიდარი და ზრდასრული მომხმარებლებისთვის. Emporio Armani შედარებით ახალგაზრდული და ყოველდღიურ ცხოვრებაზე მორგებული ხაზია, რომელიც Armani-ის ესთეტიკას უფრო პრაქტიკულ და შედარებით ხელმისაწვდომ ფორმებსა და ფასებში წარმოადგენს. რაც შეეხება Armani Privé -ს, ეს მაღალი მოდის ხაზია, უფრო მარტივად რომ ვთქვათ – ოტ კუტიური არმანისგან, რომელიც ისეთ კოლექციებს გვთავაზობს, რომლებიც ძირითადად წითელი ხალიჩისა და განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის იქმნება.
დარიო ვიტალე დაინიშნა „არმანის“ ახალგაზრდული და ყოველდღიურ ცხოვრებაზე მორგებული ხაზის, Emporio Armani-ის შემოქმედებით დირექტორად და ბრენდის ძირითადი ხაზის, Giorgio Armani-ის აქსესუარების ხელმძღვანელად. იგი პირველი დიზაინერია, ჯორჯო არმანის შემდეგ, რომელიც Armani Group-ში შემავალი ხაზის შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა, რაც სიახლეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის.
ვინ არის დარიო ვიტალე?

დარიო ვიტალე იტალიელი დიზაინერია, რომელსაც მოდის ინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა აღიარება 2025 წლის მარტში მოიპოვა, როდესაც Versace-ს მოდის სახლის შემოქმედებით დირექტორად დასახელდა. დარიომ აღნიშნულ თამადებობაზე დონატელა ვერსაჩე შეცვალა. დარიომ Versace-ში თავისი პირველი და უკანასკნელი კოლექცია 2025 წლის სექტემბერში წარადგინა. ჩვენებიდან ორ თვეში, დიზაინერმა ბრენდი დატოვა. მოდის სამყაროში, ეს არა მხოლოდ გასული წლის, არამედ მიმდინარე დეკადის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სიახლე იყო – დიზაინერმა ბრენდი სადებიუტო ჩვენების შემდეგ დატოვა. Versace-ს მოდის სახლის გავრცელებული ოფიციალური ვერსიით, თანამშრომლობის შეწყვეტა „ურთიერთშეთანხმებით მოხდა“ და დიზაინერსა და მოდის სახლის ახალ მფლობელებს შორის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.


2025 წელს, Versace-ს ახალი მფლობელი Prada Group გახდა. იტალიური გამოცემების, მათ შორის la Repubblica -ს ინფორმაციით, პრადას ოჯახსა და დარიო ვიტალეს შორის ხედვის შეუსაბამობამ იჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ Versace-მდე დარიო ვიტალე სწორედ Prada Group-ის მფლობელობაში შემავალი ბრენდის, Miu Miu-ს დიზაინერი იყო. დარიო Miu Miu-ს 2010 წელს შეუერთდა და თითქმის 15 წლის განმავლობაში, მიუჩია პრადასთან ერთად მუშაობდა. გამომდინარე აქედან, სიახლე ვიტალესა და პრადას შორის ხედვის შეუთავსებლობაზე მოდის სამყაროსთვის გასაკვირი სიახლე იყო. მიუჩია პრადასთან მუშაობის პერიოდში, ვიტალემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა Miu Miu-ს წარმატებაში. 2024 წელს, Miu Miu-ს გაყიდვები 93%-ით გაიზარდა.


ახლა ვიტალე Miu Miu-ში მიღებულ გამოცდილებას Emporio Armani-ის განვითარებისთვის გამოიყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ესთეტიკურად ეს ორი ბრენდი ერთმანეთს არ ჰგავს, ორივე – დიდი კონგლომერატის ნაწილია და ახალგაზრდა მომხმარებლებზეა ორიენტირებული. Miu Miu-მდე ვიტალე Bottega Veneta-შიც მუშაობდა, ხოლო მანამდე – Dsquared2-ში.
უცნობია, ზუსტი დრო, როდის გაიმართება დარიო ვიტალეს სადებიუტო კოლექციის ჩვენება Emporio Armani-ში, თუმცა შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს მომავალი წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შოუ იქნება.




