მედია კომპანია Puck-ის ცნობით, Disney ცნობილი ფილმის, “ეშმაკს აცვია პრადას,” მეორე ნაწილის გადაღებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტში დასაბრუნებლად ფილმის სცენარისტ ალინ ბროშ მაკკენასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
“ეშმაკს აცვია პრადა” მსოფლიო კინოეკრანებზე 2006 წელს გამოჩნდა. ლორენ ვეისბეგერის 2003 წლის იმავე სახელწოდების გახმაურებული რომანის ადაპტაცია თითქმის ორი ათწლეულის შემდეგაც არ კარგავს აქტუალურობას. მასში მთავარ როლებს მერილ სტრიპი, ენ ჰეთეუეი და ემილი ბლანტი ასრულებენ. მერილი გავლენიანი მოდური ჟურნალის, “Runway”-ის მთავარი რედაქტორის, მირანდა პრისტლის, როლში გვევლინება, ემილი მის პირველ ასისტენტ ემილი ჩარლტონს განასახიერებს, ხოლო ენი მეორეს – ანრეა საქსს.
ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ დაბრუნდება ორიგინალი სამსახიობო შემადგენლობიდან “სიქველში”, თუმცა, როგორც მოსალოდნელია, სიუჟეტი მერილ სტრიპის მიერ შესრულებული მირანდა პრისტლის კარიერის განვითარებაზე ფოკუსირდება. ტრადიციული ჟურნალის საქმიანობაში გაჩენილი გამოწვევების ფონზე, ფინანსური დახმარებისთვის თავის ყოფილ ასისტენტს, ემილის ბლანტის განსახიერებულ პერსონაჟს მიმართავს, რომელსაც მდიდრული კომპანიის გავლენიანი აღმასრულებლის როლში ვიხილავთ. ინფორმაცია იმის შესახებ, ითამაშებს თუ არა ფილმის მეორე ნაწილში ენ ჰეთეუეი, არ ვრცელდება.
აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, Disney-ს მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.