ალესანდრო მიკელეს შემდეგ Gucci-ს კრეატიული დირექტორის პოზიციას საბატო დე სარნო დაიკავებს, ინფორმაციას მოდის სახლი და მისი მფლობელი კომპანია “ქერინგი” ავრცელებენ.

“მოხარული ვარ, რომ საბატო Gucci-ს როგორც ახალი კრეატიული დირექტორი, ისე უერთდება და ფუფუნების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს შეასრულებს,” – ვკითხულობთ მოდის სახლის პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის, მარკო ბიზარის, განცხადებაში. “მას იტალიის ყველაზე სახელგანთქმულ მდიდრულ მოდის სახლებში აქვს ნამუშევარი, მისი დაგროვილი გამოცდილება მრავალფეროვანი და რელევანტურია. საბატოს კარგად ესმის და აფასებს Gucci-ის უნიკალურ მეკვიდრეობას და დარწმუნებული ვარ, რომ შემოქმედებით გუნდებს მისთვის დამახასიათებელი ხედვით გაუძღვება, რაც ახალი ამაღელვებელი თავის შექმნის წინაპირობა გახდება და ბრენდის მოდურ ავტორიტეს მდიდარ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით გააძლიერებს.”

Gucci-ის 2023 წლის იანვარში გამართული მამაკაცის კოლექციის ჩვენება
© CNN/ Alessandro Garofalo/Reuters

მიკელეს მიერ კომპანიის დატოვების შესახებ გასული წლის ნოემბერში გახდა ცნობილი. ის Gucci-ს შემოქმედებითად 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან საკუთარი გამორჩეული ხედვით მოდის სახლის ახალი უნიკალური იდენტობა შექმნა, რაც წარმატებული აღმოჩნდა. მისი წასვლიდან პირველი კოლექციის ჩვენება, რომლის შექმნაშიც მას მონაწილეობა არ მიუღია, 13 იანვარს გაიმართა.

რაც შეეხება დე სარნოს, Gucci-სთვის მისი სადებიუტო კოლექციის პრეზენტაცია მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში 2023 წლის სექტემბერში ჩატარდება. იმ ბრენდებს შორის, რომლებისთვისაც მას უმუშავია არის: Prada, Dolce & Gabbana და Valentino, თუმცა მისი სახელი გლობალური მოდის წრეებში ამ დრომდე ნაკლებად იყო ცნობილი.

“შემოქმედებითი სადავეების საბატო დე სარნოს ხელში მოქცევით, გვჯერა, რომ უაღრესად სასურველი პროდუქტებისა და კოლექციების გამოშვებით მოდის სახლი განაგრძობს მოდასა და კულტურაზე გავლენის მოხდენას და თანამედროვე ლუქსს განსაკუთრებულ და თანამედროვე პერსპექტივას შემატებს,” – განაცხადა “ქერინგის” თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა ფრანსუა-ანრი პინომ.

Tags :