ტექნოლოგიები თანამედროვე მოდის ინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთი მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ხელოვნური ინტელექტი, ციფრული კომერცია და ინოვაციური ბიზნესმოდელები ცვლის, როგორც ბრენდების მუშაობის პრინციპებს, ისე მომხმარებელთან ურთიერთობის ფორმებს. 2026 წლის 5 დეკემბერს, მთაწმინდის პარკში, რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიების, Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა გაიმართება. ღონისძიებაზე მომავალი წლის კონცეფცია, განვითარების ხედვა, საერთაშორისო გაფართოების გეგმები და ახალი სტრატეგიული პარტნიორობები გახდება ცნობილი.

გახსნის ერთ-ერთი მთავარი სიახლე იქნება ინიციატივა „Pitch in a Ferris Wheel“ – ფორმატი, რომელიც სტარტაპებსა და საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე გააერთიანებს. თითოეულ დამფუძნებელს საკუთარი იდეის წარსადგენად ერთი სრული ბრუნი, ანუ ექვსი წუთი ექნება. კაბინაში მხოლოდ დამფუძნებელი და ინვესტორები იქნებიან, პრეზენტაციები კი, Global Tech Weekend-ის ოფიციალურ არხებზე გაშუქდება. გამარჯვებული სტარტაპი იმავე საღამოს გამოვლინდება. ორგანიზატორების თქმით, ეს მხოლოდ დასამახსოვრებელი სანახაობა არ არის: ფორმატის მიზანი სტარტაპებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაკავშირებაა, რომელიც გრძელვადიან შედეგებზე იქნება ორიენტირებული.

პანორამულ ბორბალზე გამართული შეხვედრების შემდეგ, Mtatsminda Hall-ში Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება. ორგანიზატორები წარადგენენ მომავალი წლის კალენდარს, საერთაშორისო გაფართოების გეგმებსა და ახალ პარტნიორობებს. ღონისძიება ათზე მეტი სექტორის წარმომადგენელს გააერთიანებს, მათ შორის ტექნოლოგიურ კომპანიებს, ინვესტორებს, სტარტაპებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, კრეატიული ინდუსტრიებისა და მედიის წარმომადგენლებს. მოდის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ტექნოლოგიური ინოვაციების მზარდი როლი – ხელოვნური ინტელექტიდან და ციფრული კომერციიდან მომხმარებლის გამოცდილებისა და ბრენდების განვითარების ახალ მოდელებამდე.

სწორედ ამ მიმართულებების გადაკვეთა ქმნის ახალ შესაძლებლობებს მოდისა და ტექნოლოგიების სფეროში.„Global Tech Weekend-ის მისია ყოველთვის იყო ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემის მსოფლიოსთან დაკავშირება. 2027 წელს გვინდა, საერთაშორისო მასშტაბი კიდევ უფრო გავზარდოთ, გავაფართოოთ პარტნიორთა ქსელი და გავაძლიეროთ კავშირები ქალაქებსა და ეკოსისტემებს შორის. ჩვენ მხოლოდ ღონისძიებების მასშტაბს არ ვზრდით – ვაშენებთ საერთაშორისო ქსელს, რომელიც ცოდნის გაცვლასა და ახალ ბაზრებზე წვდომას უზრუნველყოფს“ – აცხადებს Global Tech Weekend-ის CEO მედეა ჯანჯღავა.

Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიება 2026 წლის 5 დეკემბერს, Mtatsminda Hall-ში, დახურულ ფორმატში გაიმართება. მონაწილეობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით, Global Tech Weekend-ის ოფიციალურ Luma კალენდარში.

რეგისტრაცია: Luma -ს ბმული

დამატებითი ინფორმაციისა და სიახლეებისთვის ეწვიეთ Global Tech Weekend-ის ოფიციალურ ვებგვერდს: gtwt.ge