2018 წლის მარტში იტალიელი დიზაინერი რიკარდო ტიში ბრიტანული მოდის საკულტო ბრენდ Burberry-ის შეუერთდა. Givenchy-ში გატარებული 12 ძალიან წარმატებული წლის შემდეგ, ტიშის გამყარებული ჰქონდა სტატუსი, როგორც თანამედროვე მოდის ერთ-ერთი წამყვანი შემოქმედი. ის არის დიზაინერი მრავალმხრივი შესაძლებლობებით – ქალის და მამაკაცის სამოსი, Ready-To-Wear და ოტ-კუტიური, ქუჩის სტილი და წითელი ხალიჩა, პარფიუმერია და კოსმეტიკა, რიკარდომ Givenchy-ში დაამტკიცა, რომ მას შეუძლია შექმნას და გაყიდოს ყველაფერი. გამომდინარე აქედან, მაშინ, როდესაც ქრისტოფერ ბეილიმ ბარბერიში თითქმის 20 წლიანი მმართველობა საკმაოდ ემოციურ ნოტაზე დაასრულა, ბრიტანული ბრენდის მფლობელებს ბევრი არ უფიქრიათ, მათ უსაფრთხო გადაწყვეტილება მიიღეს. ახალგაზრდა დიზაინერის ნაცვლად, ბრენდი გამოცდილ, ყველასთვის საყვარელ და კომერციულად ძალიან წარმატებულ რიკარდო ტიშის ჩააბარეს.


ინდუსტრია სიახლეს მოსალოდნელი მღელვარებით შეხვდა. რიკარდოს მილიონიანი გულშემატკივართა არმია, სელებრითი მეგობრები და სუპერმოდელები ბარბერიში მათი საყვარელი დიზაინერის პირველი კოლექციის ხილვას მოუთმენლად ელოდნენ, თუმცა იყვნენ ისინიც, ვინც ბარბერის გადაწყვეტილებით გაკვირვებულები დარჩნენ.

ტიშის პორტფოლიოდან გამომდინარე, კითხვის ნიშნები არ არსებობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლება ის ნებისმიერი ბრენდისთვის სასურველი დიზაინერი იყოს, მაგრამ მოდის ისტორია ნათლად გვაჩვენებს, რომ კრეატიული დირექტორის შერჩევა უფრო კომპლექსური საკითხია და მეტ დაფიქრებას მოითხოვს.

რა საერთო შეიძლება ჰქონდეს იტალიაში დაბადებულ რიკარდო ტიშის, რომელმაც სახელი სექსუალური გოთიკური კოლექციებით გაითქვა, კონსერვატულ და ინგლისურ ტრადიციებზე დაფუძნებულ ბარბერისთან? ეს იყო კითხვა, რომელსაც მოდის წრეებში ხშირად მოისმენდით.
2018 წლის სექტემბერში, ტიშიმ ბარბერის სახელის ქვეშ თავისი პირველი კოლექცია წარადგინა, რომელიც 134 ლუქს აერთიანებდა. ახალი დასაწყისის პირველი თავი ვრცელი გამოდგა, თუმცა აზრიანი. კოლექცია მოიცავდა ახალ დასაწყისს, დატოვებული მემკვიდრეობისადმი პატივის მიგებას, წარსულთან დაბრუნებას, აწყმოსთან შეთავსებისკენ მიდრეკილებას. მიუხედავად იმისა, რომ მოდაში ბარბერის და ტიშის თანამშრომლობაზე კრიტიკული განწყობები თავიდანვე არსებობდა, დებიუტი შედგა.
იტალიელი დიზაინერი ბრენდის ისტორიას პატივისცემით მოეკიდა, პირველი ორი კოლექცია ამის ნათელი მაგალითია. კლასიკური სილუეტები, ინგლისური მწერლობისა და კულტურის რეფერენსები, კრემისფერი, საკულტო თრენჩი – ერთი შეხედვით ყველაფერი ადგილზე იყო, თუმცა როგორც ყველა დიდებულ დიზაინერს, რიკარდოს აქვს მკვეთრად გამოხატული ხელწერა და გემოვნება. სეზონიდან სეზონზე, ბარბერის კოლექციები უფრო მეტად ერგებოდა ტიშის პერსონალურ ისტორიას და კარგავდა კავშირს მოდის სახლის კოდებთან. ტიშის მიზანი იყო, რომ ბარბერით არა მხოლოდ ერთი, არამედ მრავალი იდენტობა წარმოედგინა. როგორც თავად აღნიშნავდა, მას სურდა „ბარბერის ქოლგის ქვეშ“ ყველაფერი ეჩვენებინა.
დღევანდელი გადმოსახედიდან, ცხადია, რომ რიკარდოს ხედვამ არ გაამართლა. ამ შემთხვევაში, ბრენდის მემკვიდრეობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. 2005 წლის Givenchy-სგან განსხვავებით, 2018 წელს ბარბერი არ იყო ბრენდი, რომელიც აგრესიულ რევოლუციას და ცვლილებებს საჭიროებდა. პირიქით, ბრენდის მომხმარებელი ქრისტოფერ ბეილის ეპოქის მშვიდ და ნაკლებად მტკივნეულ ევოლუციას ელოდა.

2021 წლის ივნისში, გავრცელდა სიახლე, რომ მარკო გობეტი, ბარბერის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც რიკარდო ტიში შემოქმედებით დირექტორად მოიწვია, თანამდებობას ტოვებს. ეს ღია და აშკარა მინიშნება იყო, რომ ბრენდი იტალიელ დიზაინერთან თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ გეგმავდა.
2022 წლის 28 სექტემბერს, ახალი კოლექციის წარდგენიდან მხოლოდ 2 დღეში, რიკარდომ Burberry-ის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.