ნოსტალგია თუ ბრენდის განვითარების ერთადერთი დამაჯერებელი სტრატეგია? მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში, ყველასთვის მოულოდნელად, ალესანდრო მიკელემ Gucci -ს კრეატიული დირექტორის თანამდებობა დატოვა, ბრენდის შემოქმედებით ხედვაში რადიკალური ცვლილებები შეიმჩნევა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრენდში ახალი შემოქმედებითი დირექტორის, საბატო დე სარნოს სადებიუტო კოლექციის ჩვენება სექტემბრის მიწურულს, მილანის მოდის კვირეულზეა დაგეგმილი და ჯერ-ჯერობით, მისი ხელმძღვანელობით მხოლოდ ერთი სარეკლამო სურათია გავრცელებული, უკვე არ წყდება სპეკულაციები იმის შესახებ, რომ Gucci აპირებს დაუბრუნდეს იმ ხელწერას, რომელიც 1994 – 2004 წლებში, ტომ ფორდმა შექმნა.

2015 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, ალესანდრო მიკელემ, ერთი ჩვენებით, გუჩის მოდის სახლის ნორმები სრულიად შეცვალა: პოდიუმზე უცნაური, არასტანდარტული გარეგნობის მქონე მოდელები უნისექს, ვინტაჟური სტილის სამოსით წარმოადგინა, რაც ტომ ფორდისა ესთეტიკისგან სრულიად განსხვავდებოდა. მიკელეს განსხვავებულმა ხედვამ გუჩის გაყიდვები 10 მილიარდ ევრომდე გაზარდა, თუმცა პოსტ-პანდემიური პერიოდი ბრენდისათვის მარტივი არ აღმოჩნდა. რამაც საბოლოოდ ბრენდის მფლობელები შემოქმედებითი ხელწერის გადახედვამდე მიიყვანა.

ახალ სარეკლამო კამპანიაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, გუჩიში ტომ ფორდის დეკადიდან არაერთ რეფერენსს ვხედავთ, მათ შორისაა “Horsebit Clutch”, რომელიც ტომ ფორდმა  2003 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე წარმოადგინა.

Gucci 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სარეკლამო კამპანია:

კამპანიის ქალის ხაზის სახე სამოდელო ინდუსტრიის მომენტის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, იტალიელი ვიტორია ჩერეტია.