დარია ვერბოვიმ მოდაში კარიერა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. კანადელი-უკრაინელი მოდელი წლების განმავლობაში რჩებოდა ინდუსტრიის ერთ-ერთ საყვარელ სახედ, რომელიც გვევლინებოდა როგორც წამყვანი ბრენდების შოუებსა თუ კამპანიებში, ისე გავლენიანი ჟურნალების ყდებზე, სანამ 2016 წელს მოდიდან გაუჩინარდებოდა. მას შემდეგ, რაც 2021 წელს ცნობილი გახდა, რომ ფიბი ფაილო თავის ბრენდს ქმნიდა, გულშემატკივრებს გაუჩნდათ იმედი, რომ ეს მოვლენა შესაძლოა მოდაში დარიას დაბრუნების მიზეზიც გამხდარიყო. დაახლოებით ერთი თვის წინ, მოდის გავლენიანმა გამოცემებმაც აქტიურად დაიწყეს წერა იმის შესახებ, რომ Céline-ს ყოფილი კრეატიული დირექტორი თავის მუზასთან ისევ გაერთიანდებოდა, თუმცა დარიას “ქამბექის” მოწმეები იმაზე ადრე გავხდით, ვიდრე ამას ველოდით – არა ფიბი ფაილოს ბრენდისთვის, არამედ საბატო დე სარნოს Gucci-სთვის.
Gucci შემოდგომა/ზამთარი 2023 © WWD / Getty Images
დე სარნო იტალიური მოდის სახლისთვის თავის პირველ კოლექციას სექტემბერში, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში წარადგენს. პირველი მიმანიშნებელი იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ მისგან, როგორც Gucci-ს კრეატიული დირექტორისგან, თავის ინსტაგრამ ანგარიშზე წარმოგვიდგინა. გამოქვეყნებული ფოტოზე აუზთან მჯდომი დარია არის აღბეჭდილი. ეს არის პირველი ფოტო დე სარნოს Gucci-სთვის შექმნილი 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სარეკლამო კამპანიიდან, რომელიც ლოს ანჯელესში დევიდ სიმსმა გადაიღო, სტილისტი კი ალასტერ მაკკიმი გახლავთ.
© Instagram / sabatods
თავის პოსტში დე სარნომ აღნიშნა, რომ მან და დარიამ მოდაში კარიერა ერთი და იმავე წელს დაიწყეს: “დარია, ჩვენ ამ ბიზნესში მუშაობა ერთად დავიწყეთ 2003 წელს და ახალი თავგადასავლის დასაწყისშიც ჩემთან ერთად ხარ.” როდესაც 2003 წელს დიზაინერი Prada-ში ასისტენტად მოეწყო, მოდელს პირველი მნიშვნელოვანი კარიერული მომენტი ჰქონდა – სტივენ მეიზელმა ის Prada-ს შემოდგომა/ზამთრის კამპანიისთვის გადაიღო.