ტომ ფორდის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შექმნილი “Horsebit Clutch”-ის დიზაინი პირველად Gucci-ის 2003 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე იყო წარმოდგენილი. აქსესუარს წინა მხარეს ბრენდის ხელწერად ქცეული ცხენის ლაგამის ფორმის დიდი ზომის მეტალის და ტყავის დეტალები ამშვენებდა. ჩანთის მომრგვალებული ტრაპეციის სილუეტი 2000-იანი წლების სტილის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა და მოდის მოყვარულები ვინტაჟურ ვერსიებს კვლავ ატარებენ. ამ დეკადაში პოპულარული ჩანთების აქტუალურობა გასული წლების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა, რასაც ისეთ ჩანთებზე არსებული მოთხოვნა ცხადყოფს, როგორებიცაა: Fendi-ის “Baguette” და Dior-ის “Saddle.”
ტომის Gucci-დან წასვლის შემდეგ მოდის სახლმა ამ ჩანთის გამოშვება შეწყვიტა, თუმცა 2004 წლის შემდეგ პირველად, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ჩვენებაზე ეს საკულტო აქსესუარი პოდიუმზე ისევ ვიხილეთ. Gucci-ის დიზაინ გუნდის მიერ შექმნილ ქალის კოლექციაში დიდი რაოდენობით იყო შემოთავაზებული ტომ ფორდის პერიოდის რეფერენსები, თუმცა განსაკუთებით დიდი ყურადღება სწორედ “Horsebit Clutch”-ს დაეთმო, რომელიც განსხვავებულ ფერებსა და ტექსტურებში ვიხილეთ. გახდება თუ არა ეს აქსესუარი ახალი “It” ჩანთა ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი თვალი გადავავლოთ მის სხვადასხვა ინტერპრეტაციას ჩვენებებსა და კამპანიებში – 20 წლის წინ და ახლა.
2003 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება
2003 წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანია
2004 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება
2004 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანია
2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება