დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი, დავით კომახიძე მამაკაცის ხაზის წარმოებას იწყებს. კომახიძემ საკუთარი ბრენდი, David Koma 2009 წელს, ლონდონის ცნობილი სასწავლებლის – Central Saint Martins -ის დასრულების შემდეგ შექმნა. დღემდე, კომა მხოლოდ ქალის ხაზის კოლექციებს ქმნიდა, თუმცა როგორც ირკვევა, დიზაინერი უკვე მზად არის კაცის ხაზშიც გამოავლინოს თავისი ხედვა.
სადებიუტო ჩვენება მილანში, 15 ივნისს იგეგმება.
კომახიძე ცნობილია გეომტრიული და სუფთა სილუეტებით, მისი კოლექციები არ ხასიათდება ისეთი ექსპერიმენტულობით, როგორსაც დღესდღეისობით მოდის კვირეულებზე ხშირად ვხვდებით, თუმცა მას აქვს ტემპერამენტი და ძალიან კარგად დაბალანსებული სექსუალურობა. კომახიძემ შეძლო და David Koma-ს ბრენდის ქვეშ საერთაშორისოდ დასამახსოვრებელი ქალის იმიჯი შექმნა. ახლა იგი შეეცდება მამაკაცი მყიდველების გულებიც მოიგოს. აქვე გეტყვით, რომ კომახიძემ ცოტა ხნის წინ საცურაო კოსტიუმების ხაზიც წარადგინა. Let’s Swim – ასე ჰქვია კომას ახალ ხაზს, რომლის პრეზენტაციაც აპრილში შედგა.
მილანის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეული 14-18 ივნისს იგეგმება. სრულად ინფორმაცია ივნისში დაგეგმილი მოდის კვირეულების შესახებ იხილეთ ლინკზე.