7 ივნისიდან ევროპაში მამაკაცის სამოსის მოდის კვირეული აიღებს სტარტს, რასაც მთელი თვის განმავლობაში ჩვენებები მოჰყვება. ამ სტატიაში გიზიარებთ ინფორმაციას მომდევნო კვირებში დაგეგმილი მოდის კვირეულების შესახებ.

ლონდონის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეული 7 – 9 ივნისს გაიმართება, სრული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბრიტანეთის მოდის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე. ლონდონის კვირეულის შემდეგ, იგეგმება პიტი უომო – იტალიაში მამაკაცის სამოსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც ტრადიციულად, ფლორენცია მასპინძლობს. 11-14 ივნისს ფლორენციაში გასამართი ჩვენებებისა და პრეზენტაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ღონისძიების ოფიციალურ გვერდზე. ფლორენციის შემდეგ, მოდის პრესისა და გულშემატკივრების ყურადღება გადაინაცვლებს მილანში, სადაც 14-18 ივნისს, მილანის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეული მოეწყობა.

Gucci შემოდგომა/ზამთარი 2024

20 ფიზიკური, 4 ციფრული ჩვენება, 40-ზე მეტი პრეზენტაცია იგეგმება ოთხი დღის განმავლობაში, მათ შორის ვიხილავთ ისეთი ბრენდების კაცის ხაზის ახალ კოლექციებს, როგორებიცაა: Moschino, Zegna, Gucci და ა.შ. განრიგის სანახავად მიჰყევით ლინკს.

მილანის მამაკაცის ხაზის მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ, ჯერი საფრანგეთის დედაქალაქზეა. 18-დან 23 ივნისის ჩათვლით, პარიზში კაცის კოლექციებს 72 ბრენდი წარადგენს. განსაკუთრებული მოლოდინი 22 ივნისის მიმართ არსებობს. სწორედ ამ დღეს წარადგენს ბელგიელი დიზაინერი დრის ვან ნოტენი თავის ბოლო კოლექციას. განრიგის სრულად სანახავად გადადით ლინკზე. აღსანიშნავია ის, რომ პარიზში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების გამო, საფრანგეთის მოდის ფედერაციამ ოტ-კუტიურ მოდის კვირეულის გამართვა ივლისიდან ივნისში გადმოწია. შედეგად, მამაკაცის ხაზისა და ქალის კუტიურის კოლექციების კვირეულები ერთმანეთის მიყოლებით გაიმართება.

Schiaparelli -ს 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ-კუტიურ კოლექცია

ოტ-კუტიურ მოდის კვირეული პარიზში 24 ივნისს Schiaparelli-ს ჩვენებით დაიწყება, 27 ივნისს კი Ardazaei-ს შოუთი დასრულდება. სრულად განრიგი უკვე წარმოდგენილია ოფიციალურ გვერდზე. რაც შეეხება სეზონს, ივნისში მოდის სახლები წარმოადგენენ კაცის 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებს, ხოლო ქალის 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ-კუტიურ ნამუშევრებს.

თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ არხებს Facebook-სა და Instagram-ზე, რათა არ გამოგრჩეთ სიახლეები.