საქართველოში საფესტივალო კულტურა, ერთი შეხედვით, ჩამოყალიბებულია, იქნება ეს მუსიკა, გართობა, კულინარია თუ ხელოვნება. მიუხედავად ამისა, პასუხი კითხვაზე, სად წახვიდე შაბათ-კვირას, ბავშვებთან ან მეგობრებთან ერთად, სუფთა ჰაერზე, ისე რომ ყველამ, ასაკის მიუხედავად, განტვირთვა და გართობა შეძლოს, მარტივი არ არის.

სწორედ ეს კითხვა გახდა სააგენტო DODO Events-ისა და „კიკეთის ფერმის“ კოლაბორაციის საფუძველი. მათი ერთობლივი პროექტი “დღეები” ფესტივალის ახალ და ქართულ რეალობაში მეტად საჭირო ფორმატს გვთავაზობს. „დღეები“ – ეს არის თემატურად და ესთეტიკურად გააზრებული ვიქენდების სერია, სადაც ფესტივალის პროგრამა, გაფორმება და განწყობა ერთი თემის გარშემო იქმნება. 


DODO Events-ისა და „კიკეთის ფერმის“ პირველი ღონისძიება „ცხენების დღეები“ 16-17 მაისს, კიკეთის ფერმაში გაიმართა. ორი დღის განმავლობაში, ყველა აქტივობა ერთი თემის – ცხენოსნობის გარშემო გაერთიანდა. ცხენოსნობას საქართველოში დიდი ისტორია აქვს, „დღეებმა“ ეს მივიწყებული კულტურა გააცოცხლა, თანაც არა ზედმეტად ნიშური თუ სერიოზული ფორმატით, არამედ საფესტივალო განწყობით, რომელიც ყველასთვის სასიამოვნო და ამაღელვებელია.

ორი დღის განმავლობაში, კიკეთის ფერმამ უმასპინძლა სტუმრებს, სადაც მათ იხილეს ცხენოსნობის შოუ. აღსანიშნავია, რომ ცხენოსნების ჩაცმულობაზე „სამოსელი პირველის“ გუნდმა იმუშავა, სპეციალურად ფესტივალისთვის შეიკერა ახალუხები და ყაბალახები. ასევე, “ბაია გალერეას” მიერ მოეწყო ქართველი მხატვრების გამოფენა და გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო გურანდა ქლიბაძის, ირაკლი სუთიძის, მარინა ივანიშვილისა და ლევან მეხუზლას ნამუშევრები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ვორქშოფებსაც დასწრებოდნენ, შეეძინათ ხელნაკეთი თემატური ნამუშევრები Pop-up ბაზრობაზე, ესარგებლათ კვების ზონით, დასასვენებელი სივრცით, მუსიკითა და გასართობი აქტივობებით. ფესტივალის ორდღიანი პროგრამა იმგვარად იყო შექმნილი, რომ ყველა ასაკის ადამიანის ინტერესებსა და სურვილებზე ყოფილიყო მორგებული.

ფესტივალზე საუბრისას, ბუნებრივია გვერდს ვერ ავუვლით სტილს. გარდა იმისა, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ფესტივალები არა მხოლოდ გასართობი და დასასვენებელი, არამედ ვიზუალური თვითგამოხატვის საშუალებაცაა, შესაბამისი თემატიკის განწყობის შესაქმნელად სტილს დიდი მნიშვნელობა აქვს. „ცხენების დღეებსაც“ ჰქონდა დრესკოდი, რომელიც ფესტივალის თემატიკიდან მომდინარეობდა.  Country/Western: ჩექმები, ჯინსი, კოვბოი  ესთეტიკა – სწორედ ეს სტილი დომინირებდა სტუმრებს შორის. ფესტივალმა არა მხოლოდ გამორჩეული კონცეფციით, არამედ მოდითაც დაიმკვიდრა ადგილი.

„ცხენების დღეებმა“ გვაჩვენა, რომ ქართულ საფესტივალო კულტურაში ახალი ფორმატი არა მხოლოდ შესაძლებელია არამედ საჭიროც. DODO Events-ის წარმომადგენლის თქმით, „დღეებს“ გრძელვადიანი გეგმები აქვს: წელიწადში 7 ღონისძიება, თითოეული საკუთარი თემით, მზარდი მასშტაბებითა და რა თქმა უნდა „კიკეთის ფერმის“ ლოკაციაზე.