ლონდონის მოდის კვირეულის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონი Vogue-ის გლამურული ღონისძიებით დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ გავლენიანი ჟურნალის მიერ დაორგანიზებული საღამო დიდი ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ კვირეულის ოფიციალურ განრიგში არ იყო წარმოდგენილი, ლონდონში მოდური აურზაური სწორედ Vogue World-მა გახსნა. ღონისძიებას არა მხოლოდ მოდის, არამედ კინოსა და მუსიკის ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ, თუმცა საღამოს ყველაზე ამაღელვებელი მომენტი სუპერმოდლებმა შექმნეს. ნაომი, სინდი, კრისტი და ლინდა პიდიუმზე ერთად კიდევ ერთხელ გამოჩნდნენ.
Vogue-ის ვარსკვლავური საღამოს შემდეგ, ლონდონის მოდის კვირეული ტრადიციულ ფორმატში გაგრძელდა. ინგლისში მოღვაწე თურქული ფესვების დიზაინერმა, ერდემ მორიალოღლუმ ახალი კოლექცია დევონშირის ლეგენდარულ ჰერცოგინიას, დებორა მიტფორდს მიუძღვნა. ისტორიული, კულტურული და სიმბოლური დატვირთვიდან გამომდინარე, ერდემმა სტუმრებს კოლექციის სანახავად ბრიტანეთის მუზეუმში უმასპინძლა. ჩვენება მდიდრული და ერდემისათვის დამახასიათებელი კონსერვატული ქურთუკებით გაიხსნა.
ნაკლებ კონსერვატული და მეტად თამამი ნამუშევარი წარმოადგენა ქართველმა დიზაინერმა დავით კომახიძემ, თუმცა David Koma-ს მთავარი შთაგონებაც სწორედ ბრიტანული კულტურა, უფრო კონკრეტულად კი, გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ხანგრძლივი მონარქი, ელისაბედ II გახდა.
დედოფლის აღიარება ლონდონში მოღვაწე ყველაზე დიზაინერის ოცნებას წარმოადგენდა, თუმცა რიჩარდ ქვინი აღმოჩნდა ის იღბლიანი ახალგაზრდა, რომელსაც პატივად ხვდა ელიზაბედ მეორის წინაშე საკუთარი კოლექციის წარდგენა. რიჩარდის სახელი საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში ხმამაღლა სწორედ მაშინ გაისმა, როდესაც 2018 წელს, მის ჩვენებას ელისაბედ II დაესწრო. მას შემდეგ, ქუინის ყველა წარმოდგენა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
Richard Quinn-ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუ ახალგაზრდა დიზაინერმა საკუთარ მამას მიუძღვნა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გარდაიცვალა.
ტრადიციული ინგლისური რეფერენსების პარალელურად, ლონდონის მოდის კვირეულზე ექსპერიმენტებიც ვიხილეთ. პირველი, რა თქმა უნდა, აღნიშვნას იმსახურებს ირლანდიელი დიზაინერი, ჯონათან ანდერსონი. თიხის გამოყენებით შექმნილი ჩაცმადი სკულპტურული ჰუდები და შორტები, რომლებიც პლასტილინით ხელით ნაძერწს ჰგავდა, ლონდონის მოდის კვირეულის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად იქცა.
ექსპერიმენტებთან ერთად, ლონდონის მოდის კვირეული ცნობილია ახალგაზრდული განაცხადებით და ამ მხრივ, არც 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონი აღმოჩნდა გამონაკლისი. ახალგაზრდული სული კვირეულზე ინგლისურ-ბულგარულმა ბრენდმა Chopova Lowena-მ შეიტანა.
და ბოლოს, ბრიტანული მოდის ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი სახლი, Burberry, რომლის გამოც „ბონდ სთრითმა“ დროებით სახელიც კი შეიცვალა და Burberry Street-ად გადაკეთდა. „ბარბერიში“ დენიელ ლის მეორე კოლექცია კიდევ უფრო ახლოს იყო ბრენდის ისტორიულ კოდებთან, გამოირჩეოდა ტარებადი სამოსითა და მიმზიდველობით. შოუს არაერთი ვარსკვლავი დაესწრო, მათ შორის იყვნენ: კაილი მინოუგი, ჯეისონ სტეტჰემი, როუზი ჰანგთინტონ-უაითლი და ა.შ.
ლონდონის მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, საერთაშორისო მოდის ყურადღება იტალიისკენ გადაინაცვლებს, სადაც ახალ სეზონზე არაერთი მნიშვნელოვანი შოუ იგეგმება, მათ შორის საბატო დე სარნოს გახმაურებული დებიუტი Gucci-ს კრეატიული დირექტორის ამპლუაში.