ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში ჯონათან ანდერსონმა თავისი ახალი ნამუშევრები წარადგინა. მან სტუმრებს მოსაწვევის სახით პლასტილინი გაუგზავნა, რაც პირველი მანიშნებელი იყო იმისა, თუ რას იხილავდნენ ისინი კამდენში, Roundhouse-ის სივრცეში გამართულ JW Anderson-ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე.

ექსპერიმეტებითა და არაორდინალური მასალების გამოყენებით ცნობილმა ანდერსონმა თავის აუდიტორიას ამჯერადაც უჩვეულოდ შთამბეჭდავი სამოსი შესთავაზა. მათ შორის იყოს თიხის გამოყენებით შექმნილი ჩაცმადი სკულპტურული ჰუდები და შორტები, რომლებიც პლასტილინით ხელით ნაძერწს ჰგავდა.

JW Anderson გაზაფხული/ზაფხული 2024
© Vogue Runway / Filippo Fior / Gorunway.com

ჩვენებაზე ასევე შემოთავაზებული იყო “ბომბერ” ჟაკეტები მოცულობით პროპორციებში, რომლებსაც კლასიკური დიზაინისგან სხვა განმასხვავებელი ნიშანიც გამოარჩევდა. მათი სახელოების ჭრილიდან და ელვა შესაკრავიდან ბუმბულები გამოდიოდა, თითქოს ისინი ჩამოეხიათ. “ბომბერ” ჟაკეტების სტილი გახდა “კარგო” შარვლების ინსპირაციაც. დიზაინერის შთაგონების წყაროდ ასევე იქცა პოლიეთილენის პარკები, რაც ქალის კოლექციისთვის გამოყენებულ მასალაში გამოვლინდა. პოდიუმზე მოდელებმა ასევე წარადგნიეს: ბაიკერის ქურთუკები, ნაქსოვი კაბები, ანდერსონის ხელწერად ქცეული თრენჩები და მეთევზის სანდლები.

საბოლოო შედეგი სახალისო, ახალგაზრდული, კონცეპტუალური და არტისტული გამოდგა – ანდერსონმა “ახალი ტიპის გარდერობი” შექმნა. JW Anderson-ში ირლანდიელი დიზაინერი ყველაფერს, რაც ჩვეულებრივია, არაუჩვეულებრივად წარმოაჩენს და არც ეს კოლექცია ყოფილა გამონაკლისი.

ჩვენების ჩანაწერი