No Future პანკების სლოგანია. გრძნობს თუ არა იოჯი იამამოტო თავს პანკად?

იოჯი: ყოველთვის. ჩემი ასაკის ადამიანებს შეიძლება უფრო დიდი მომავალი აქვთ, ვიდრე ახალგაზრდებს.


რა ხდება, როცა იაპონელ ‘ოსტატს’ ინტერვიუს რიკ ოუენსი ართმევს…

ჟურნალ System-ის მე-14 ნომერი
ფოტოგრაფი: იურგენ თელერი

„დასაკარგი არაფერია“

იოჯი: როცა კომპანია ცოტა უფრო გამდიდრდა და სახელი გაითქვა, დედაჩემმა მითხრა: „იოჯი, ჩვენ ცხოვრება ნულიდან დავიწყეთ, შეიძლება ითქვას მინუსიდანაც კი, ამიტომ შეგვიძლია ისევ დავუბრუნდეთ ნულს, ეს პრობლემა არ არის.“ შეუძლებელი იყო მას ჩემთვის ამაზე უფრო სასიამოვნო რამ ეთქვა. არ მჭირდება კომპანიის შეცდომებზე ან მის დაღმასვლაზე დარდი. ძალიან დამეხმარა დედაჩემის ეს სიტყვები და ისევ მეხმარება, როცა შეცდომას ვუშვებ.

რიკი: დასაკარგი არაფერია. მეც ასეთი დამოკიდებულება მაქვს. შემიძლია ის ვაკეთო, რაც მინდა.

„სწავლის დასრულების შემდეგ დედაჩემს ვთხოვე, რომ მასთან მემუშავა. ამის შემდეგ ორი კვირა არ მელაპარაკებოდა“

იოჯი: ტოკიოს ერთ-ერთ ცნობილ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მასში მოსახვედრად გამოცდა უნდა ჩამებარებინა. იქ 10 თუ 12 მეგობარი მყავდა, რომლებიც დიდი კომპანიების ან ცნობილი მაღაზიების მფლობელების შვილები იყვნენ. იმის თქმა მინდა, რომ ისინი მდიდარი ოჯახებიდან იყვნენ, მე კი ღარიბი ვიყავი და მამაც არ მყავდა.

რიკი: რამდენი წლის იყავი, როცა მამა დაკარგე?

იოჯი: ძალიან პატარა ვიყავი. დედაჩემმა გადაწყვიტა აღარ გათხოვილიყო. ასევე მიზნად დაისახა, რომ ბევრი ემუშავა და მე გავეზარდე. ადგილობრივ მკერავად მუშაობდა. როდესაც უნივერსიტეტის გამოცდებისთვის მომზადება დავიწყე და ბიზნეს სამყაროში შესაღწევად ვემზადებოდი, უკვე ვგრძნობდი უსამართლობას, რადგან მე მხოლოდ დედასთან ერთად ვცხოვრობდი და ძალიან გვიჭირდა. დამწუხრებულები არ ვყოფილვართ, უბრალოდ გვიჭირდა.

რიკი: აცნობიერებდი, რომ ღარიბი იყავი?

იოჯი: მახსოვს, ერთხელ მეგობრის საშობაო წვეულებაზე ვიყავი მიწვეული. დიდებული სახლი ჰქონდათ, ბაღში ჩოგბურთის კორტით. ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი სამყარო არ იყო. რაც არ უნდა იყოს, სწავლის დასრულების შემდეგ დედაჩემს ვთხოვე, რომ მასთან მემუშავა. ამის შემდეგ ორი კვირა არ მელაპარაკებოდა, რადგან ბოლო სამ-ნახევარი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ფული ჰქონდა დახარჯული, რომ ძვირადღირებული განათლება მიმეღო და შოკირებული იყო ჩემი გადაწყვეტილებით, რომ კერვის დაწყება მინდოდა. საბოლოოდ, დანებდა და მითხრა: „იოჯი, თუ მართლა გინდა, რომ დამეხმარო, კერვა უნდა ისწავლო და ბოლოს უკვე ჭრა. ნამდვილად უნდა ისწავლო.“ და ნამდვილად ვისწავლე.

„ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ქალები კაცებზე უფრო ძლიერები არიან“

რიკი: როგორ ფიქრობ, დედაშენის გადაწყვეტილებამ, აღარასდროს გათხოვილიყო, ქალების შენეულ აღქმაზე რაიმე გავლენა მოახდინა?

იოჯი: კი. ჩემს ცხოვრებაში, რომელიც დედასთან ერთად დავიწყე, ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ქალები კაცებზე უფრო ძლიერები არიან.

რიკი: გეთანხმები; ისინი უნდა იყვნენ უფრო ძლიერები.

„მეშინია, რომ დედაჩემი გარდაიცვლება. მინდა, რომ სამუდამოდ იცოცხლოს“

რიკი: დედაშენი ისევ ცოცხალია?

იოჯი: კი, ის ახლა 103 წლის არის. ახლა მოხუცთა თავშესაფარშია. ჯანმრთელია, მაგრამ მარტოსული, რადგან მარტოს, ოჯახის გარეშე უწევს ცხოვრება. ამიტომ კვირაში ორჯერ ან სამჯერ ვაკითხავ.

რიკი: ტოკიოშია?

იოჯი: კი, ჩემს სახლთან ძალიან ახლოს.

რიკი: დედაჩემი ახლა 87 წლის არის და იმაზე ვსაუბრობთ თუ სად აპირებს წასვლას და ცხოვრებას.

იოჯი: ახლა სწორედ ამაზე ფიქრის დროა.

რიკი: ძალიან ჯანმრთელია, თუმცა ვხედავთ, რომ უფრო ნელი ხდება. პარიზში ქალის ჩვენებებზე დასასწრებად წელიწადში ორჯერ ჩამოდის. ჩვენი სასაუბრო თემა მის მომავალს ეხება, სად უნდა რომ იყოს. ამის გარკვევა მარტივი არ არის. რთული, მაგრამ საინტერესოა ამაზე ფიქრი.

იოჯი: საინტერესოა. მეშინია, რომ დედაჩემი გარდაიცვლება. ვერ წარმომიდგენია, როგორი ღრმა და ძლიერი იქნება ჩემი ემოციები თუ მას დავკარგავ. უბრალოდ მინდა, რომ იცოცხლოს… სამუდამოდ.

„მე უბრალოდ კაცი ვარ“

რიკი: რას ფიქრობ შენს შემოქმედებით მემკვიდრეობაზე?

იოჯი: არ მომწონს მისთვის მემკვიდრეობის წოდება; მე უბრალოდ კაცი ვარ.

რიკი: კარგი, მაგრამ შენ ხომ უბრალოდ კაცი არ ხარ. ძალიან ბევრი გაქვს გაკეთებული, რასაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოიგონებენ. მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში კულტურას ემსახურები და შენი დამოკიდებულებისთვის გაღიარებენ. ნუთუ მართლა არ გადარდებს, როგორ გაგიხსენებენ? არქივებს ინახავ?

იოჯი: არა, არ მომწონს ეს [იცინის].

რიკი: ეს ხომ წინდაუხედავობაა! ძალიან კარგი შენთვის, შეგიძლია ისე მოიქცე, როგორც გინდა.

იოჯი: უბრალოდ დაივიწყე ყველაფერი.

რიკი: არ ვთვლი, რომ ეს ცუდი აზრია. არქივები სინამვილეში მეც არასდროს შემინახავს.

იოჯი: კარგია.

სხვისი იოჯი იამამოტო

რიკი: გიფიქრია, რომ შენი გარდაცვალებიდან ორმოცდაათი წლის შემდეგ ვიღაც შენს სახელს, იოჯი იამამოტოს, იყიდის და შენი იარლიყით საშინელ ტანსცმელს შექმნის?

იოჯი: რა საშინელი აზრია!

რიკი: მართალია, კოშმარი. შეიძლება სწორი ხარ ამაზე საერთოდ რომ არ ფიქრობ.

იოჯი: [იცინის]

„მე ოსტატი ვარ“

რიკი: ვფიქრობ, სიტყვა „აიქონი“ ცოტა მელოდრამატულია, მაგრამ, მგონი, „კულტურის ესთეტიკური განვითრების ხელშემწყობი“ პრაქტიკულია და სათქმელს კარგად გადმოსცემს. შენთვის ეს საქებარია თუ ზედმეტად დრამატული? თუ საკუთარ თავს უბრალო კაცად მიიჩნევ?

იოჯი: უბრალო კაცად.

რიკი: კარგი, მაგრამ შენ უბრალო კაცი არ ხარ!

იოჯი: მე უბრალო კაცი ვარ, რომელსაც კაბის შექმნა შეუძლია. რომელიც ტანსაცმელს ქმნის. ჭრა შეუძლია. სულ ეს არის. მე ოსტატი ვარ.

„ხალხი ფიქრობს, რომ იოჯი მარტოსულია, რომ ის მხოლოდ თავის ძაღლთან ერთად ცხოვრობს“

რიკი: რამდენ დროს ატარებ შენს სტუდიაში? კვირაში რამდენიმე დღეს? შვიდივე დღეს?

იოჯი: თითქმის ყველა დღეს, მთელი წლის განმავლობაში.

რიკი: მაგრამ იცი როგორ უნდა დაიცვა შენი პირადი სივრცე, პერსონალური კომფორტი და ჯანმრთელობა?

იოჯი: გენიოსი ვარ ჩემი პირადი ცხოვრების დაცვაში. დიდი ძაღლი მყავს და ყოველთვის მასთან ერთად გადავაადგილდები. მანქანას ვმართავ, 24 საათის განმავლობაში ძაღლთან ერთად ვარ, რაც ხალხს აფიქრებინებს, რომ იოჯი მარტოსულია, რომ მხოლოდ თავის ძაღლთან ერთად ცხოვრობს. მაგრამ ეს სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება.

რიკი: მარტოსული საერთოდ არ ხარ. მარტო თავს კომფორტულად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვგრძნობდი, შემდეგ, ჩემდა გასაკვირად, რაღაცები შეიცვალა და ისე კომფორტულად აღარ ვიყავი, როგორც ადრე. ჩემთვის ეს შოკისმომგვრელი იყო, რადგან მანამდე ძალიან ორგანიზებული ცხოვრება მქონდა. მაგრამ, უეცრად, ეს ასე აღარ იყო.

იოჯი: ჩემი ცხოვრების ორგანიზებაზე საერთოდ არასდროს მიზრუნია.

რიკი: ჩემი კი ძალიან ორგანიზებულია.

იოჯი: მართლა? როგორ ცხოვრობ ეგრე? ძლიერი განცდა მაქვს, რომ ამას მე არ ვაკეთებ და შეიძლება ცხოვრების გზაზე წინ მამაჩემი მიმიძღვება.

„დღემდე ვგრძნობ, რომ ბიძგს მამა მაძლევს“

რიკი: მამაშენს კარგად იცნობდი?

იოჯი: ის მაშინ მოკვდა, როცა ომი მთავრდებოდა, 1944 წელს. მე მაშინ პატარა ვიყავი, სულ რაღაც ერთი წლის. არმიაში გაგზავნეს, გაქრა და უკან აღარ დაბრუნებულა. მაგრამ დღემდე ვგრძნობ, რომ ბიძგს ის მაძლევს, წინამძღოლობას მიწევს. ძალიან უცნაური შეგრძნებაა.

რიკი: როგორ იმოქმედა ამან ურთიერთობაზე შენს შვილთან, რომელიც ახლა კოლეჯში სწავლობს?

იოჯი: ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, რადგან ჩემი დეენემიდან მემკვიდრეობით თითქმის არაფერი ერგო! [იცინის] სპორტი არ მოსწონს, ჩხუბი არ მოსწონს. ყოველთვის დარდობს თავის თავზე, ავად გახდომაზე: „მამა, გავცივდი, სიცხე მაქვს.“ მისგან რადიკალურად განვსხვავდები. მაგრამ მომწონს ის.

„ამ საზოგადოებას არ შევუერთდები. მინდა აუთსაიდერი ვიყო ან იქნებ დამნაშავე“

იოჯი: ნება მომეცით, ეს ვთქვა. დედაჩემის გარშემომყოფებმა მას მამაჩემისთვის დაკრძალვის ცერემონიის მოწყობისკენ უბიძგეს. დედაჩემს ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ ის დაბრუნდებოდა. დიდი ხნის განმავლობაში იცდიდა, მაგრამ საბოლოოდ დანებდა და მისთვის დაკრძალვის დიდი ცერემონია მოაწყო. მაშინ ოთხი თუ ხუთი წლის ვიყავი. ეს იყო მომენტი, როდესაც ზრდასრულებზე ძალიან გავბრაზდი – საზოგადოების მიმართ ჩემი რისხვა სწორედ ამ მომენტიდან იწყება. საკუთარ თავს ვუთხარი: „ამ საზოგადოებას არ შევუერთდები. მინდა აუთსაიდერი ვიყო ან იქნებ დამნაშავე.“

რიკი: რა დანაშაულს ჩაიდენდი? რისი ჩადენა იქნებოდა შენთვის კომფორტული?

იოჯი: ნებისმიერი რამის.

რიკი: მკვლელობის?

იოჯი: შესაძლებელია.

„ახალგაზრდული მოდა ძალიან მოსაწყენია“

რიკი: რას ფიქრობ ახალგაზრდა დიზაინერებზე?

იოჯი: არაუშავთ; მაგრამ ისინი ჩემი მტრები არ არიან.

რიკი: ზოგჯერ დიზაინერების ახალ თაობას ვუყურებ და ვფიქრობ, რომ მათი საქმე ჩემი პროვოცირება, შეურაცხყოფა და საპასუხო რეაგირებაა. თუმცა საკმარის ვნებას თუ ძალას ვერ ვხედავ.

იოჯი: მართალი ხარ.

რიკი: მაგრამ ვხედავ ძალიან ბევრ კალკულაციას. მაგალითად: „როგორ გავმართო ინსტაგრამი?“ „როგორ დავარეგულირო ჩემი რესურსები?“ ვფიქრობ, ეს არის ახალი ესთეტიკა, ის, რაც ჩვენ უნდა გვამცირებდეს. ფაქტია, რომ მათ ოსტატობა და პოეტურობა უარყვეს და მათ ნაცვლად ცინიკურობა და კალკულაცია განადიდეს. არ ვამბობ, რომ ეს ცუდია, რადგან ამაღელვებელია, როცა ხედავ, რომ ვიღაც რაღაცაზე რეაგირებს. არ ვიცი ასე რამდენ ხანს გაგრძელდება. სახალისო იქნება ამ პროცესისთვის თვალის დევნება. ზოგჯერ მაინც არ გტოვებს ახალგაზრდული მოდა აღელვებულს?

იოჯი: არასდროს. ძალიან მოსაწყენია.

„ნება მომეცით გიამბოთ ის, რაც აქამდე არასდროს მომიყოლია“

იოჯი: ჩემი მიზანი ხალხის გაოცება არ ყოფილა. პარიზში უბრალოდ პატარა მაღაზიის გასახსნელად ჩამოვედი.

რიკი: კარგი რა, იოჯი! შენი არ მჯერა. მგონია, რომ ზუსტად იცოდი, რასაც აკეთებდი! იცოდი, რომ რასაც შენ ქმნიდი ყველა სხვა დანარჩენის ნამუშევრისგან განსხვავდებოდა.

იოჯი: ნება მომეცით სიმართლე ვთქვა. მაშინ დაახლოებით რვა წლის განმავლობაში რეი კავაკუბოსთან ერთად ვცხოვრობდი და რედი-თუ-ვეარ კომპანია გვქონდა დაარსებული, რომელიც სრულიად განსხვავდებოდა ჩვენი ამჟამინდელი კომპანიებისგან. ხუთი თუ ექვსი წლის შემდეგ იაპონიაში უკვე საკმარისი რაოდენობის მაღაზიები გვქონდა, ამიტომ რეის პარიზში წასვლა და ახალი მაღაზიის გახსნა შევთავაზე. მან მიპასუხა: „არა, არა, არა, ჩემი კომპანია ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობს. პარიზში ახალი მაღაზიის გასახსნელად დრო არ მაქვს; ეს შეუძლებელია.“ ამიტომ ვუთხარი: „კარგი, რეი, მაშინ პირველად მე წავალ, შენ გარეშე. მაპატიე.“ ჩამოვედი და ძალიან ვიწრო ქუჩა ვიპოვე, სახელად Rue de Cygne, რომელზეც ძალიან, ძალიან პატარა მაღაზია გავხსენი. გახსნის დროს ერთი ბაიერი ან შეიძლება ჟურნალისტი მოვიდა ჩემთან და მითხრა: „გამარჯობა იოჯი, რეი სასტუმროში ჩვენებას მართავს, აქ, პარიზში.“ ჩემთვის მას არაფერი უთქვამს.

რიკი: ეს არ ვიცოდი…

იოჯი: ეს დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლო იყო, რაც აქამდე არასდროს მითქვამს. არ მჯეროდა. ხომ იცით, ბაიერები მუდმივად რაღაც ახალს ეძებენ, რადგან მაღაზიებს ფლობენ და ხალხს ქირაობენ, ამიტომ უნდა გაყიდონ. ძალიან ბევრი ბაიერი მოვიდა მაღაზიის გახსნაზე; შემდეგ რეიმ გამართა თავისი ჩვენება სასტუმროში. გაზეთში ეწერა: „ყვითელი არმია ჩამოდის.“ არადა მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. ეს არის არმია? მოულოდნელი იყო. ეს ასე, იმ მომენტში, ასე დაიწყო. ჟურნალისტების სამოცდაათ პროცენტს არ მოვწონდით, არ მოსწონდათ, რასაც ვაკეთებდით. ძალიან მომწონდა WWD ნიუ-იორკიდან. დიდი სტატია მოამზადეს: იოჯი იამამოტოს და რეის ლუქები დიდ ჯვართან ერთად განათავსეს და ლათინური ასოებით მიაწერეს: „sayonara“ (იაპონური სიტყვა, ქართულად „ნახვამდის“). მომეწონა!

რიკი: მაგრამ, მოიცადე. ისიც კი არ იცოდი, რომ რეი პარიზში იყო? სრულიად მოულოდნელად, უეცრად გაიგე, რომ აქ ჩვენებას მართავდა?

იოჯი: ასეა. ძალიან გამიკვირდა.

რიკი: გაბრაზდი?

იოჯი: ცოტათი კი.

რიკი: მაშინ ისევ ერთად იყავით?

იოჯი: ეს იყო პირველი მომენტი, როდესაც დაშორებაზე ფიქრი დავიწყე. ბევრი არ მიტირია, რადგან ყველაფერი გავიგე. შემეძლო გამეგო თავად რას განიცდიდა.  

სატელეფონო ზარი „ნაიკთან“ და „ადიდასთან.“ Y-3 – ის ფენომენის გაჩენა

იოჯი: იყო მომენტი, როდესაც ვიგრძენი, რომ მოდა და ის, რასაც მე ვაკეთებდი ძალიან ჩამოშორდა ქუჩის ენას. ამავდროულად, მქონდა განცდა, რომ სპორტული ფეხსაცმელების მოძრაობა იწყებოდა, განსაკუთრებთ ნიუ-იორკში. დილით ხედავდი ოფსში მიმავალ ბიზნსემენს, რომელსაც სნიკერები ეცვა, ადგილზე მისვლისას კი მათ იცვლიდა. „ნაიკს“ დავურეკე და ვუთხარი: „ძალიან დაინტერესებული ვარ სპორტული ფეხსაცმელებით. თქვენს კომპანიას დიზაინერთან კოლაბორაცია ხომ არ სურს?“ ძალიან სასიამოვნო პასუხი მივიღე: „მაპატიეთ, მისტერ იამამოტო, მაგრამ ჩვენ მხოლოდ იმ დიზაინერებს ვეხმარებით, რომლებიც მოდაში არ მუშაობენ, ძალიან დიდი მადლობა.“ შემდეგ „ადიდასთან“ დავრეკე, საიდანაც შემდეგი პასუხი გამცეს: „ანუ, იოჯი, ჩვენთან თანამშრომლობა გსურთ?“ და შემდეგ ჩვენი თანამშრომლობაც შედგა. ეს 16 წლის წინ იყო. მართლა ვგრძნობდი, რომ ქუჩას ძალიან ჩამოვშორდი, Y-3 – მა კი ეს სიტუაცია შეცვალა. ზოგჯერ სპორტული ფეხსაცმლის დიზაინი ძალიან უშნოა, მაგრამ მინდა, რომ მასში ქუჩის სულისკვეთება იგრძნობოდეს.

რიკი: დღეს ბალენსიაგას ჩვენებაზე რამდენიმე გამაოგნებლად უშნო სპორტული ფეხსაცმელი ვნახე. ისინი იმდენად უშნო იყო, რომ გხიბლავდა – თითქმის მომინდა კიდეც!

შავი – ძალიან ძლიერი ფერი

იოჯი: ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა ქალის სხეულზე სილუეტის შექმნა და ჭრა. ქალის სხეული უდაბნოს ჰგავს. ის მშვენიერია. სხეულზე მხოლოდ ქსოვილის მოძრაობა მაინტერესებდა, ფერების გამოყენება არ მინდოდა. ან თეთრი, ან შავი. ეს საკმარისია. საბოლოოდ, საერთოდ დამავიწყდა ფერებზე ფიქრი. სულ ეს არის.

რიკი: მსოფლიოში ისეთი ქაოსური ვითარებაა, რომ მთელ ამ ქაოსში მომწონს უბრალოდ რაღაც შავის დანახვა. იოჯი, როდესაც ფერებს იყენებ, ეს ბრწყინვალედ გამოგდის.

იოჯი: როდესაც ფერებს ვიყენებ, ვირჩევ ფერებს, რომლებსაც შავისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეეძლებათ. ფერები ძლიერი თუ არ იქნება, თამაშში დამარცხდებიან. შავი ძალიან ძლიერია.