კრეატიული დირექტორის პოსტზე დანიშვნიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში, პიტერ ჰოკინგსი Tom Ford-ს ტოვებს, ინფორმაციას ბრენდის მფლობელი Estée Lauder Companies (ELC) ადასტურებს.
პიტერმა ბრენდის დამაარსებელთან – ტომ ფორდთან მუშაობა 1998 წელს, ჯერ კიდევ მისი Gucci-ში ყოფნის პერიოდში მამაკაცის სამოსის დიზაინ ასისტენტად დაიწყო. მოგვიანებით ბრენდში ის მამამაცის სამოსის უფროსი დიზაინერი გახდა. 2006 წელს პიტერმა Gucci დატოვა, რათა კვლავ ტომთან ემუშავა, როდესაც მან საკუთარი სახელობის ბრენდი გამოუშვა. თავდაპირველად, Tom Ford-ში ის მამაკაცის სამოსის წარმოებასა და დიზაინზე იყო პასუხისმგებელი, რასაც შემდეგ აქსესუარების ხაზიც შეემატა.
2023 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ტომმა საკუთარი ბრენდი 2.8 მილიარდ დოლარად “ესტე ლაუდერს” მიჰყიდდა, თავად კი ბრენდის და მთლიანად მოდის ინდუსტრიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. Tom Ford-ის კრეატიული დირექტორის როლი კი პიტერმა მოირგო, რომელსაც ტომთან ერთად მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. მან თავისი სადებიუტო კოლექცია 2023 წლის სექტემბერში, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში წარადგინა.

“ესტე ლაუდერის” მფლობელობაში არსებული Tom Ford-ის მამაკაცისა და ქალის ready-to-wear ხაზების წარმოების ლიცენზიას Zegna Group ინარჩუნებს. Vogue Business-ის ცნობით, “ზენიას” მთავარი მიზანი Tom Ford-ის ქალის სამოსის გაყიდვების ზრდაა, რომელთა ოდენობამაც Tom Ford International-ის 2023 წლის ჯამური შემოსავლების 30% შეადგინა. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ ჩაანაცვლებს პიტერ ჰოკინგსს და ვინ იქნება Tom Ford-ის ახალი კრეატიული დირექტორი, თუმცა სავარაუდოა, რომ შერჩეული კანდიდატი სწორედ კომპანიის აღნიშნული მიზნის მიღწევაზე იქნება ორიენტირებული.