საფრანგეთის მოდის ფედერაციამ კაცის სამოსის და ოტ კუტიურ კვირეულების წინასწარი განრიგი გამოაქვეყნა. პარიზში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების გამო, კვირეულები ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 103 ჩვენება და პრეზენტაცია 10 დღის განმავლობაში უწყვეტად გაიმართება.
18-დან 23 ივნისის ჩათვლით, კაცის კოლექციებს 72 ბრენდი წარადგენს. ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებული მოლოდინი 22 ივნისის მიმართ არსებობს. სწორედ ამ დღეს წარადგენს ბელგიელი დიზაინერი დრის ვან ნოტენი თავის ბოლო კოლექციას. განრიგში ასევე ვხვდებით ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Louis Vuitton, Dior Homme, Rick Owens, Balmain Homme, Yohji Yamamoto და Comme des Garçons Homme Plus. ამ სეზონზე პარიზში კვირეულს გამოტოვებენ: Paul Smith, Givenchy, GmbH და Valentino, რომლის ახალი კრეატიული დირექტორის, ალესანდრო მიკელეს, სადებიუტო კოლექციის ჩვენება 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის ready-to-wear კვირეულის ფარგლებში იგეგმება.
Dries Van Noten შემოდგომა/ზამთარი 2024
რაც შეეხება ოტ კუტიურ კვირეულს, 4 დღიანი მოდური დღესასწაულის მოწყობის თარიღი გადმოიწევს და 24 ივნისს Schiaparelli-ს ჩვენებით დაიწყება, 27 ივნისს კი Ardazaei-ს შოუთი დასრულდება.
ამ სეზონზე პარიზს თავისი ჩვენებით უბრუნდება Thom Browne, რომელიც ნიუ-იორკის შემდეგ, თავის მეორე ოტ კუტიურ კოლექციას 24 ივნისს წარუდგენს თავის აუდიტორიას. Charles de Vilmorin კიდევ ერთი სახელია, რომელიც განრიგში დაბრუნდა და ის თავის ნამუშევრებს 25 ივნისს შემოგვთავაზებს. თუმცა მასში არ გვხვდება შემდეგი სახელები: Alexandre Vauthier, Ronald van der Kemp და Julien Fournié.
ოტ კუტიურ კვირეულის ფარგლებში 30 მოდის სახლის ჩვენება იგეგმება, მათ შორის არის: Christian Dior, Chanel, Giorgio Armani Privé, Viktor & Rolf, Fendi და Balenciaga, რომლის შოუც 26 ივნისს არის ჩანიშნული. გასული სეზონების მსგავსად, ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კვლავ Jean Paul Gaultier-ის ჩვენება იქნება. ამჯერად ბრენდში მიწვეული დიზაინერი Courrèges-ის კრეატიული დირექტორი ნიკოლა დე ფელიჩეა. სულ მალე სწორედ მის ხედვას ვნახავთ ჟან პოლ გოტიეს კოდებთან სინთეზში.
Armani Privé გაზაფხული/ზაფხული 2023 ოტ კუტიური
2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კაცის მოდის კვირეულის წინასწარი განრიგის სანახავად მიჰყევით ბმულს
2024 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ კუტიურ კვირეულის წინასწარი განრიგის სანახავად მიჰყევით ბმულს