საფრანგეთის მოდის ფედერაციამ პარიზის მოდის კვირეულის წინასწარი განრიგი გამოაქვეყნა, რომელიც მომავალი სეზონის მიმართ მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებს. საფრანგეთის დედაქალაქში 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციები 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის იქნება წარმოდგენილი.

კვირეულის მთავარი მოვლენა Valentino-ს 29 სექტემბერს დაგეგმილი პირველი შოუ იქნება მას შემდეგ, რაც იტალიური მოდის სახლის კრეატიულ დირექტორად ალესანდრო მიკელე დაინიშნა. ამ სეზონზე ასევე ვიხილავთ ვირჟინი ვიარის წასვლის შემდეგ დიზაინ სტუდიის Chanel-ისთვის შექმნილ პირველ კოლექციას. დიზაინ სტუდია იქნება პასუხისმგებელი Dries Van Noten-ის პოდიუმზე წარმოდგენილ ნამუშევრებზეც. დრის ვან ნოტენმა საკუთარი სახელობის ბრენდისთვის თავისი ბოლო კოლექცია საზოგადოებას ივნისში წარუდგინა. განრიგი მოიცავს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Saint Laurent, Dior, Loewe, Balmain, Hermès და ა.შ. დახურვის პატივი კი ტრადიციულად Louis Vuitton-ს ერგება.

Louis Vuitton შემოდგომა/ზამთარი 2024

მნიშვნელოვანი სახელი, რომელსაც განრიგში ვერ ვხვდებით არის Maison Margiela, რაც ყურადღების მიღმა არ დარჩენილა იმის გათვალისწინებით, რაც მიმდინარე დღეების განმავლობაში პრესაში აქტიურად იწერებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, 10 წლის შემდეგ ჯონ გალიანო Maison Margiela-ს ტოვებს და კონტრაქტის გაგრძელებას აღარ გეგმავს. ამ თემასთან დაკავშირებით ბრენდის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა. მართალია პარიზის მოდის კვირეულზე ამ ბრენდის ახალ კოლექციას ვერ ვიხილავთ, თუმცა 30 სექტემბერს Maison Margiela გეგმავს ღონისძიებას, რომლის დეტალებიც მოგვიანებით გამჟღავნდება.

9 დღის განმავლობაში პარიზში 70 ჩვენება და 38 პრეზენტაცია მოეწყობა. კვირეულში მონაწილე სამ ბრენდს შემოქმედებითად ქართველები ხელმძღვანელობენ, ესენია: Balenciaga, რომლის კოლექციებზეც პასუხისმგებელია დემნა, Vetements, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ გვასალიაა და ქართული ბრენდი Situationist, რომლის დამფუძნებელი და დიზაინერი ირაკლი რუსაძე გახლავთ.

პარიზის მოდის კვირეულის განრიგი