ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ბიზნეს სექტორის პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობასაც შეეხო.

კახა ხაზარაძის პოსტში ვკითხულობთ:

“ჩამოგვეშლება არშემდგარი სახელმწიფო. არშემდგარი იმიტომ, რომ დამონებული ადამიანების ბრბოს ვაძლევთ საშუალებას ელაპარაკონ მსოფლიოს ჩვენი სახელით, მეგობრებს ჩვენი სახელით. მიუსამძიმრონ ქვეყანას, რომელიც ათეული წლები იბრძვის ღირებულებების წინააღმდეგ (ირანს ვგულისხმობ), ომის პარტიად ნათლავენ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ბოლო 30 წელია გვაჭმევენ, გვაცმევენ და გვეხმარებიან სამართლიანი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში.

ბიზნესი დუმს, შეშინებული გასცქერის მთავრობას, როგორ გაამრავლოს თავისი ქონება ჯიგრული თვალთმაქცობით, დიახ, ამას ვამბობ მე, ამ სფეროს წარმომადგენელი იმიტომ, რომ მრცხვენია ამ რიგებში დგომა, როდესაც ხელგაწვდილი ელოდები, როდის ჩაგიგდებენ ტენდერს ან სულაც, მოგცემენ კარგ კოეფიციენტს მრავალსართულიანი ბეტონის ჯუნგლების ასაშენებლად. და ამ დროს ჩვენი შვილები დგანან ქუჩაში და ცდილობენ შეცვალონ ეს ყველაფერი და ამ დროს სად ვართ ჩვენ? თაობა პასუხისმგებელია მათ მომავალზე.

მე არ ვიცი რას იზამთ თქვენ, მე გეტყვით რას ვიზამ მე და იქნებ ვიყო მაგალითი სხვებისთვის. მე, კახა ხაზარაძე, მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქვეყანას, მომავალ თაობას და ამისთვის დავთმო ყველაფერი მატერიალური და დავიტოვო მხოლოდ ერთი რამ, რასაც თავისუფლება ჰქვია. ემსახურე საქართველოს და იყავი ამაყი და ბედნიერი“

კახა ხაზარაძე. ფოტო: The Financial

კახა ხაზარაძე ბიზნეს სექტორის ერთ-ერთი ის წარმომადგებელია, რომელმაც ღიად გამოხატა საკუთარი პოზიცია და ხელისუფლების მიერ არჩეული პრო-რუსული კურსი დაგმო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა, რომლის უმრავლესობასაც პარტია ქართული ოცნება წარმოადგენს, მესამე მოსმენით დაამტკიცა “რუსული კანონი”.

რაც შეეხება ICR ჯგუფს, ის ქართული მას-მარკეტის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა, რომელიც ადრეული 90-იანი წლებიდან ოპერირებს. ICR ჯგუფში შემავალ მაღაზიებში ოფიციალურად იყიდება ისეთი ბრენდები, როგორებიც არის Nike, Adidas, DR. Martens და სხვა.