ფრანგულმა ბრენდმა, Louis Vuitton-მა 20 აპრილს ახალი საერთაშორისო სახე წარადგინა – სერიალ Euphoria-ს ვარსკვლავი, ზენდეია.

ზენდეია ლუი ვიტონის ცნობილი აქსესუარის, Capucines-ის სახე გახდა. ჩანთა, რომელიც ბრენდმა 2013 წელს წარადგინა, მალევე იქცა მოდის მოყვარულების საყვარელ ნივთად. აქსესუარის სახელწოდება, სიმბოლურად, პარიზის ქუჩიდან, Rue Neuve des Capucines-დან მომდინარეობს. სწორედ ამ ქუჩაზე გაიხსნა ლუი ვიტონის პირველი მაღაზია 1854 წელს.

ზენდეია სარეკლამო კამპანიისთვის მოდის ცნობილმა ფოტოგრაფებმა, მერთ ალასმა და მარკუს პიგოთმა გადაიღეს. კამპანიის სტილისტია ლოუ როუჩი, ზენდეიას „იმიჯის არქიტექტორი“, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალგაზრდა მსახიობის სტილის ვარსკვლავად ქცევაში.

ლუი ვიტონსა და ზენდეიას შორის ახლადგაფორმებული კონტრაქტის სხვა მნიშვნელოვანი დეტალები, მათ შორის ხანგრძლივობა, ექსკლუზიურობის საზღვრები, უცნობია, თუმცა უნდა ითქვას, რომ მსახიობს საერთაშორისო მოდის სახლებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2020 წელს, ზენდეია ვალენტინოს გლობალური ამბასადორიც გახდა.