თუ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილ იმ ადამიანებზე ფიქრს დაიწყებთ, რომელთა ჩაცმულობამაც ბოლო პერიოდში თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინა, მათ შორის დიდი ალბათობით იქნება ზენდეია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ NAACP Image Awards-ზე Prada-ს ვინტაჟური კოლექციით გამოჩნდა და ასევე ლუდოვიკ დე სენ სერნენის Ann Demeulemeester-ის მოდის სახლისთვის შექმნილ სამოსში გამოწყობილი ჰანთერ შეიფერი “ოსკარების” წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გამართულ Vanity Fair-ის წვეულებაზე. ორივე დასამახსოვრებელი ლუქის მიღმა ლოუ როუჩი დგას, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამედროვე სტილისტი, რომელიც წლების განმავლობაში სხვა ისეთი სელებრითების შემოსვაზეც ზრუნავდა, როგორებიც არიან: სელინ დიონი, მეგან თი სტალიონი, არიანა გრანდე და ა.შ. თავისი საქმის პროფესიონალმა და აღიარებულმა ლოუმ გუშინ სოციალურ ქსელში ყველასათვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა – მან მოდის ინდუსტრიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

გამოქვეყნებულ პოსტში, სტილისტი თავისი გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე წერს: “თუ ეს საქმიანობა მხოლოდ ტანსაცმელს შეეხებოდა, მაშინ ამის კეთებას მთელი ცხოვრების განმავლობაში გავაგრძელებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის! პოლიტიკამ, ტყუილებმა და ყალბმა ნარატივებმა საბოლოოდ თავისი გაიტანა! თქვენ გაიმარჯვეთ … მე წავედი.”

აღნიშნულ განცხადებას მოდის არაერთი ავტორიტეტული ფიგურა გამოეხმაურა, მათ შორის ბრიტანული “ვოგის” მთავარი რედაქტორი ედვარდ ენინფული, რომელმაც ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტის კომენტარების ველში ლოუს მისამართით დაწერა, რომ მას ჟურნალში სახლი ყოველთვის ექნება, ნაომი ქემბელმა კი სტილისტს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “ლოუ არ გაგიშვებ !!!! ჩვენ არ მივდივართ … ვიბრძვით.”

ამ ეტაპზე ლოუს მხრიდან თავისი საქმის მიტოვების გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე დამატებითი კომენტარი და ახსნა-განმარტება არ გაკეთებულა.