6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ფრანგი დიზაინერი, ვირჟინი ვიარი შანელის მოდის სახლს ტოვებს. ვიარმა ბრენდში 30 წელი დაჰყო. 2019 წლამდე, იგი Chanel-ის ლეგენდარული კრეატიული დირექტორის, კარლ ლაგერფელდის მარჯვენა ხელი და ატელიების ხელმძღვანელი იყო. კარლმა იშრომა უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა დიზაინერმა, გაძლო უფრო დიდხანს, ვიდრე ნებისმიერმა სხვა დიზაინერმა, შექმნა უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა დიზაინერმა, იგი შანელს 36 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
2019 წელს, როდესაც ლაგერფელდი სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა, ბრენდმა რადიკალური ცვლილებისაგან თავი შეიკავა. პრაგმატული და ნაკლებად მტკივნეული გადაწყვეტილებით, მოდის სახლის ახალი კრეატიული დირექტორი, კარლის მარჯვენა ხელი – ვირჟინი ვიარი გახდა.
ვირჟინის ხელმძღვანელობით, ფრანგული მოდის სახლის გაყიდვები გაიზარდა, ყოველშემთვევაში ასეთ ინფორმაციას ავრცელებდა ბრენდი გასული თვეებისა და წლების განმავლობაში. ბოლო რეპორტების თანახმად, Chanel-ის გაყიდვები 16%-ით გაიზარდა. მიუხედავად კომერციული წარმატებისა, ვიარის კოლექციები ხშირად ხდებოდა კამათის საფუძველი, ბრენდის გულშემატკივრები, ისევე როგორც საერთაშორისო პრესის გავლენიანი გამოცემები ხშირად აკრიტიკებდნენ მის კოლექციებს. გამომდინარე აქედან, სპეკულაციები შანელში ახალი დიზაინერის დანიშვნის საჭიროებაზე წლებია გრძელდება.
მიმდინარე წლის აპრილის მიწურულს, მოდის პრესა მოიცვა LVMH-ის მფლობელობაში არსებულ ბრენდში, Celine-ში განვითარებულმა მოვლენებმა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოდის სახლის კრეატიული დირექტორი, ედი სლიმანი კონტრაქტის განახლებაზე დათანხმებას არ ჩქარობს. გაჟღერებულ ვერსიებში ვკითხულობდით იმასაც, რომ სლიმანი Celine -დან სწორედ შანელში გეგმავს გადასვლას. ედი სლიმანის გარშემო აგორებულმა ჭორებმა ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ მარსელში გამართული ჩვენების შემდეგ, Chanel -ის პრეზიდენტმა, ბრუნო პავლოვსკიმ განცხადებაც გაავრცელა. რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, პავლოვსკი ირწმუნებოდა, რომ შანელში კრეატიული დირექტორის ცვლილება არ იგეგმება. ამ განცხადებიდან თვენახევარში, შანელის კრეატიულმა დირექტორმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.
“ხუთი წლის შემდეგ, რაც ვირჟინი ვიართან, როგორც შემოქმედებით ხელმძღვანელთან ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგა და მან მოდის სახლის კოდების განახლება შანელის მდიდრული კრეატიული მემკვიდრეობის პატივისცემასთან ერთად შეძლო, ასევე მოდის სახლში დაყოფილი თითქმის ოცდაათი წლის შემდეგ, შანელი ადასტურებს მის წასვლას,” – აღნიშნულია ბრენდის ახლადგავრცელებულ განცხადებაში.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, არავის გააკვირვებს, რომ ფრანგი დიზაინერი – ედი სლიმანი კვლავაც ერთ-ერთი პირველი კანდიდატია, ვისაც მოდის პროფესიონალები თუ გულშემატკივრები შანელის ახალ დიზაინერად მოიაზრებენ. სლიმანთან ერთად, პრესაში აგრეთვე გავრცელდა რამდენიმე სახელი, მათ შორის არიან: მარკ ჯეიკობსი, ფიბი ფაილო, სარა ბარტონი და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს – ტომ ფორდი.
ბრენდის ოფიციალური წყაროები ვირჟინის შემცვლელზე ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებენ. შანელის განცხადებაში ნათქვამია, რომ შემოქმედებითი მიმართულებით ცვლილებების შესახებ სიახლე “შესაბამის დროს” დაანონსდება.