ფრანგული მოდის სახლი მსოფლიოში ფუფუნების პროდუქტებზე შესუსტებული მოთხოვნის მიუხედავად ზრდას განაგრძობს. ახლად გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს კომპანიის სრულმა შემოსავალმა 20 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2022 წელთან შედარებით 16%-ით მეტია. ბრენდის ფინანსური დირექტორის, ფილიპ ბლონდოს თქმით, ისინი 2024 წელს პროცენტული მაჩვენებლის 50-მდე გაზრდას გეგმავენ.

Chanel გაზაფხული/ზაფხული 2024

ლიდერები გაყიდვებში შანელის ტყავის ჩანთები, საათები და სუნამოებია. “ორ ციფრიანი ზრდა 2023 წლის ბოლო მეოთხედშიც შენარჩუნდა,” განაცხადა ბლონდომ BoF-თან საუბარში, “კომპანიის შემოსავალი მხოლოდ ამ პერიოდში 14%-ით გაიზარდა.”

“რეკორდული გაყიდვები და შემოსავალი ადასტურებს შანელის ნივთების სასურველობას,” ამბობს კომპანიის ერთ-ერთი თავმჯდომარე ლინა ნაირი BoF-თან საუბარში, “ჩვენი ინვესტიციები ბრენდში ამართლებს, რადგან ჩვენ ვქმნით ნამდვილ ლაქშერი გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის, ამასთან, ვეხმარებით ჩვენს თანამშრომლებს ზრდასა და განვითარებაში.”

Chanel-ის მარკეტინგული ხარჯები 2023 წელს 20%-ით, 2.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის Bleu de Chanel-ის კამპანიას ტიმოთი შალამეს მონაწილეობით, ისევე, როგორც Flap ჩანთის კამპანიას პენელოპე კრუსისა და ბრედ პიტის მონაწილეობით.

აღნიშნული სტატისტიკა განმაცვიფრებელია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალურ ქსელებსა თუ მოდის ინდუსტრიის კულუარებში შანელის კრეატიული დირექტორის, ვირჟინი ვიარდის კრიტიკა უწყვეტლივ ისმის, არამედ იმიტომაც, რომ მოდის ორივე დიდ კონგლომერატში, Kering-სა და LVMH-ში ფინანსური კრიზისია. ამასთან, ბრენდის მისამართით კრიტიკა ფასების არაპროპორციული ზრდის გამოც ისმის, – მარტში Chanel Flap Bag-ის ფასმა 10.000 დოლარს გადააჭარბა.

Chanel Resort 2023

ფილიპ ბლონდომ ვირჟინისთან დაკავშირებით BoF-ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პოზიცია კომპანიაში მყარია. “ნებისმიერი კოლექცია შესაძლოა წარმატებული ან წარუმატებელი აღმოჩნდეს, ეს ყველა დიზაინერს ემართება. მაგრამ, მას შემდეგ რაც ვირჟინიმ კარლის შემდეგ გადაიბარა მმართველობა, მხოლოდ ready-to-wear ხაზის გაყიდვები 2.5-ჯერ, ხოლო შანელის ბიზნესი სრულად – 2.2-ჯერ გაიზარდა.”