ჯონ გალიანოს სკანდალიდან უკვე 15 წელი გავიდა – დრო, რომელიც, ერთი შეხედვით, საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ მოდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდი წარსულს ჩაბარებოდა, თუმცა გალიანოს სახელის გარშემო არსებული დაპირისპირება დღესაც იწვევს მწვავე დისკუსიას. ახლა ეს საკითხი კიდევ ერთხელ გააქტიურდა. ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში დაგეგმილმა გამოფენამ, რომლის თემა ჯონ გალიანოს შემოქმედება უნდა ყოფილიყო, საზოგადოებაში ისეთი კრიტიკა გამოიწვია, რომ დაგეგმილი გამოფენა გაუქმდა. ასეთ დროს ბუნებრივად ჩნდება კითხვები – შეიძლება თუ არა ხელოვანის ნიჭი მისი ქმედებებისგან დამოუკიდებლად განვიხილოთ? სად გადის ზღვარი ხელოვანისთვის მეორე შანსის მიცემასა და მისი ქმედებების გამართლებას შორის? ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც ხელოვნება, კომერცია და საზოგადოებრივი ღირებულებები ერთმანეთს ეჯახება?

სიახლე იმის შესახებ, რომ ნიუ იორკის მეტროპოლოტენის ხელოვნების მუზეუმის 2027 წლის გამოფენის თემა ჯონ გალიანოს შემოქმედება იქნებოდა, პირველ აგვისტოს გავრცელდა. გამოფენის თემა განსაზღვრავს მოდის სამყაროში ყველაზე ძვირადღირებული და ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კოსტიუმირებული ღონისძიების, “მეტ გალას” თემას და დრეს-კოდსაც. გალიანო უნდა გამხდარიყო მესამე დიზაინერი, რომელსაც Met Gala გამოფენას სიცოცხლეშივე მიუძღვნიდა, მაგრამ ღონისძიების ისტორიაში პირველად, უკვე დაანონსებული გამოფენის თემა გაუქმდა. ბრიტანელმა დიზაინერმა, 31 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: „ბევრი ფიქრისა და ყველა ჩართულ მხარესთან დისკუსიის შემდეგ, დიდი მწუხარებით გადავწყვიტე, რომ ამ ეტაპზე უმჯობესი იქნება, გამოფენა არ გაიმართოს.“
გადაწყვეტილებას, რომ 2027 წლის Met Gala-ს გამოფენისა და ღონისძიების თემა გალიანოს შემოქმედება ყოფილიყო, წინ უძღოდა მწვავე კრიტიკა – განსაკუთრებით ებრაული თემის წარმომადგენლების მხრიდან. კრიტიკის ობიექტები არიან თავად დიზაინერი, მუზეუმი, Met Gala-ს თანაორგანიზატორი ანა ვინტური და ენდრიუ ბოლტონი – მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის კურატორი, რომელიც გამოფენის დაგეგმვასა და გადაწყვეტილებაზე იყო პასუხისმგებელი. როგორც The Guardian-ის სტატიაში ვკითხულობთ, ღონისძიების რამდენიმე დონორი, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმს, მხარდაჭერის შეწყვეტითაც დაემუქრა. მოდის პრესის გავლენიანი გამოცემის, WWD-ის სტატიაში ნათქვამია: “მუზეუმის ერთ-ერთმა დონორმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, განაცხადა, რომ ჯონ გალიანოს გამოფენა მუზეუმის საბჭოს წევრ ებრაელ ქველმოქმედთა ნაწილისთვის „ზღვარს გადასული ნაბიჯია” . „ეს აშკარად იყო დაპირისპირება ხელოვნებასა და კომერციას, ძალაუფლებასა და გლამურს შორის. და იცით, ვინც გაიმარჯვა“ – აღნიშნა მან.”

დავუბრუნდეთ სკანდალს, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მოდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ეპიზოდი. 2011 წლის 25 თებერვალს, მაღალი მოდის სამყარო შეძრა სიახლემ, რომ ბრიტანელი დიზაინერი ჯონ გალიანო, რომელიც მაშინ “დიორის” მოდის სახლის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ჩხუბისთვის და ანტისემიტური ფრაზების გაჟღერების გამო დააკავეს. საქმე ეხებოდა პარიზის ერთ-ერთ კაფეში მომხდარ ინცინდენტს. 24 თებერვალს არაბული სამყაროს ინსტიტუტის გამოფენების ხელმძღვანელი, Geraldine Bloch შეყვარებულთან, Philippe Virgitti -თან ერთად, კაფე La Perle -ს ტერასაზე იმყოფებოდა, როცა მთვრალმა მამაკაცმა უხეში სიტყვებით მიმართა. შეყვარებული წყვილის გვერდით მჯდარი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება ჯონ გალიანო გახლდათ. „თქვენი ხმა მაღიზიანებს. ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობთ,“ – მიმართა გალიანომ წყვილს. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერის დაცვამ სცადა სიტუაციის განმუხტვა, ჯონი არ გაჩერდა, იგი ქალს თმაში წვდა და ყვირილი დაიწყო: „ბინძური ებრაული სახე, შენ მკვდარი უნდა იყო.მოკეტე, ბინძურო ძუნკავ. არ შემიძლია შენი ბინძური მეძავი ხმის ატანა.“ ჯონი შემდეგ ფილიპს მიადგა და განრისხებულმა მას დაუწყო ყვირილი: „აზიელო ნაბიჭვარო, მოგკლავ!“
სიახლემ გალიანოს ქცევის შესახებ ყველა დაადუმა, საქმე გენიალურ დიზაინერს და ხელოვანს ეხებოდა, რომლის საქციელს გამართლება არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, “დიორის” მფლობელებმა არ მიიღეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება დიზაინერის ბრენდიდან გაშვების თაობაზე. მათ სცადეს გარემოების შემსუბუქება, თუმცა ინციდენტიდან მალევე, გამოცემა The Sun -მა გაავრცელა სკანდალური ვიდეო, რომელიც რამდენიმე თვით ადრე, იმავე კაფეში იყო გადაღებული. ვიდეოში დიზაინერი ანტისემიტურ ფრაზებს აჟღერებს და სიამაყით ამბობს: “მე მიყვარს ჰიტლერი.”

ვიდეოს გავრცელებიდან 24 საათში, გალიანომ დაკარგა ყველაფერი – იგი გაათავისუფლეს Dior-ის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობიდან, გამოაგდეს საკუთარი სახელობის ბრენდიდანაც კი. ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამ და შექმნილმა კრიზისმა მის მენტალურ ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენა – ბრიტანელი დიზაინერი სარეაბილიტაციო კლინიკაში მოხვდა, სადაც დაახლოებით წელიწადნახევარი დაჰყო.
სკანდალის შემდეგ, ჯონ გალიანომ არაერთხელ მოიხადა ბოდიში და აღიარა, რომ მისი საქციელი მიუღებელი იყო. მან დაიწყო ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან ბრძოლა და მოგვიანებით განაცხადა, რომ მომხდარს ღრმად ნანობდა. წლების განმავლობაში, გალიანომ ბევრჯერ ილაპარაკა იმ პერიოდის შესახებ და ხაზი გაუსვა, რომ ცდილობდა საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას და შეცდომების გააზრებას. მიუხედავად ამისა, 15 წლის შემდეგაც რჩება კითხვა – საკმარისია თუ არა სინანული და ცვლილება იმისთვის, რომ ასეთი რთული წარსული საბოლოოდ წარსულად დარჩეს?!

Met Gala მოდის სამყაროში ყველაზე ძვირადღირებული კოსტიუმირებული საღამოა, რომელზეც მსოფლიო შოუ ბიზნესის წარმომადგენლები ცნობილი დიზაინერების მიერ, სპეციალურად ამ საღამოსთვის შექმნილ სამოსს ირგებენ. Met Gala ყოველ წელს, მაისის პირველ ორშაბათს ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში საზეიმოდ იხსნება. გამოფენასა და ღონისძიების მზადების პროცესი დაახლოებით ერთ წელს გრძელდება. ახლა მუზეუმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ებრაული თემის წარმომადგენლებსა და დონორებთან არსებული დაპირისპირების განმუხტვა, მეორე მხრივ, ახალი გამოფენის მომზადება მხოლოდ რვა თვის განმავლობაში.




