მოდის ინდუსტრიის გავლენიანი ორგანიზაციები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, აქტიურად არიან ჩართულნი უკრაინელი დიზაინერების ხელშეწყობაში. 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, ბრიტანეთის მოდის საბჭოს გადაწყვეტილებით, ლონდონის მოდის კვირეულში 3 უკრაინელი დიზაინერის ჩვენება მოეწყო. 

Frolov

გასული წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის მიერ გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის წამოწყებიდან რამდენიმე დღეში, ივან ფროლოვმა კიევში ოტ-კუტიურ კოლექციებზე მუშაობა შეწყვიტა. ორი თვის განმავლობაში, ის და მისი გუნდი უკრაინელი სამხედროებისთვის საჭირო სამოსის შექმნაზე გადაერთო. ივანი 35 წლისაა, საკუთარი ბრენდი 2013 წელს კიევში შექმნა და მას შემდეგ, სადღესასწაულო კაბების დიზაინზე მუშაობდა. “ზეიმის დრო აღარ იყო, ფრონტის ხაზს 500 კილომეტრი გვაშორებდა,” -ამბობს დიზაინერი. მიუხედავად სირთულეებისა, ფროლოვის ბრენდმა არსებობა არ შეწყიტა, მეტიც, ცოტა ხნის წინ, მისი დიზაინი ბიონსემ დუბაიში გამართულ დახურულ კონცერტზე მოირგო.  “ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ, უკრაინელი დიზაინერები მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ყველაფრის მიუხედავად მუშაობას ყოველთვის განვაგრძობთ.” – აღნიშნა დიზაინერმა.

KseniaSchnaider

ომის დაწყების შემდეგ, დიზაინერმა ქსენია შნეიდერმა ჯერ პოლონეთს შეაფარა თავი, შემდგომ გერმანიას, საბოლოოდ კი, დიდ ბრიტანეთში დასახლდა. ლონდონის მოდის კვირეულის დებიუტანტი, ბრიტანულ ვოგთან საუბარში აღნიშნავს, რომ ლონდონის მოდის კვირეულში მონაწილეობა მისი ერთ-ერთი ოცნება იყო. “ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ეს შესაძლებლობა მომცა” – ამბობს დიზაინერი. მიუხედავად მხარდაჭერისა, ქსენიასთვის ახალი კოლექციის შექმნა ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული, გამომდინარე იქიდან, რომ მისი გუნდის დიდი ნაწილი კიევში იმყობა.

Paskal

იულია პასკალმა ომის პირველი სამი კვირა მშობლიურ ოდესაში გაატარა. შემდეგ, გერმანიაში გადავიდა ოჯახთან ერთად, თუმცა მოგვიანებით კვლავ სამშობლოში დაბრუნდა და დღემდე უკრაინაში რჩება. მიუხედავად მუდმივი საფრთხისა და რესურსების სიმწირისა, დიზაინერი მთავარ მოტივაციად თავისი გუნდის და უკრაინელი ერის ერთიანობას ასახელებს. როგორც დიზაინერი აღნიშნავს, ახლა უკრაინელ ხელოვანებში პროდუქტიულობის დონე მაღალია, “ჩვენ ერთი ოჯახი ვართ,” – ამბობს იულია. ”თავიდან ეს ადვილი არ იყო, მაგრამ ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ამას, უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა და განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი.”

Paskal – ლონდონის მოდის კვირეული

ლონდონის მოდის კვირეული 17-21 თებერვალს გაიმართა, აგრეთვე იხილეთ: ახალი ერა Burberry-ში: დენიელ ლიმ ბრიტანული ბრენდისთვის თავისი პირველი კოლექცია წარადგინა.