
დენიელ ლის Burberry-სთვის შექმნილი სადებიუტო კოლექციის ჩვენებამდე ორი კვირით ადრე გამოქვეყნდა კამპანია, რომელიც პირველი მანიშნებელი იყო იმისა, რომ მოდის სახლის ახალი მიმართულება ბრიტანულ მემკვიდრეობასთან მჭიდრო კავშირის აღდგენას გულისხმობდა. მასში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა ბრიტანელმა სახეებმა, მათ შორის: მსახიობმა ვანესა რედგრეივმა, რეპერებმა Shygirl-მა და Skepta-მ, მოდელებმა ლენონ გალაჰერმა და ლიბერთი როსმა, ფეხბურთელმა რაჰიმ სტერლინგმა და სხვებმა. კადრები ფოტოგრაფმა ტაირონ ლებონმა ლონდონის ღირსშესანიშნაობების ფონზე გადაიღო. გარდა ამისა, Burberry-მ წარადგინა ცხენოსანი რაინდის ორიგინალი ლოგოს განახლებული ვარიანტი და ბრენდის სახელწოდების ახალი ტიპოგრაფიული დიზაინი ლურჯ ფერში. Bottega Veneta-ში დენიელის კრეატიულ დირექტორად ყოფნის პერიოდში, მწვანე ფერი იტალიური მოდის სახლთან გახდა ასოცირებული. ახლა კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლურჯი Burberry-ის ფერია.
“ცვლილების ქარი” და “ცვლილება გარდაუვალია” არის ფრაზები, რომელთა წაკითხვაც დენიელ ლის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შექმნილ ნამუშევრებზე შეგვეძლო. ეს იყო ჩვენება, რომელსაც ამ სეზონზე ლონდონის მოდის კვირეულზე ყველაზე მეტად ელოდნენ, მიზეზი კი სწორედ ის ცვლილებაა, რომლითაც საკულტო ბრიტანულ ბრენდში ახალი ერა დაიწყო.



Burberry შემოდგომა/ზამთარი 2023 © Vogue Runway
ისევე როგორც კამპანიაში, კოლექციაშიც ვიხილეთ ვარდების გამოსახულებები – ინგლისური ვარდის განმეორებითი მოტივები დაპრინტული იყო კაბებზე, შარვლებსა თუ საგარეო ტანისამოსზე. ნამუშევრების დიდი ნაწილი გაფორმებული იყო ხელოვნური ბეწვით, მათ შორის ქუდები და ჩანთები. სამოსზე უხვად შეგვხვდა Burberry-ის ცნობილი ჩეკი სხვადასხვა ფერში. რაც შეეხება TB ლოგოს, რომელიც ბრენდში გასული 5 წლის განმავლობაში რიკარდო ტიშის კრეატიული დირექტორობისას გამოიყენებოდა, მისი კვალი აღარსად ჩანდა.
პოდიუმზე მოდელებმა წარადგინეს გაბარდინის ამოტრიალებული თრენჩები, რომელთა სარჩულებიც გარეთ იყო მოქცეული, პლედის ქვედაბოლოები, კაბა, რომლის დიზაინზეც ახალი ლურჯი ლოგო მთელ სიგრძეზე გამოსახულიყო, სამოსი იხვის გრაფიკული გამოსახულებებით, განსხვავებული სტილის ფეხსაცმელები, ხელოვნური ბეწვით შექმნილი ბრელოკები და პლედებში გახვეული წყლის სათბურები. ფერთა პალიტრა სიმკვეთრით გამოირჩეოდა და მოიცავდა: მწვანეს, ნარინჯისფერს, ყვითელს, ვარდისფერს, შინდისფერს, იასამნისფერს, ლურჯსა და თეთრს.
ჩვენების შემდეგ დენიელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბრენდის მთავარ მახასიათებელად ფუნქციურობას მიიჩნევს. კოლექციაზე საუბრისას კი განაცხადა, რომ დადებითი განწყობის გამოხატვა სურდა: “უბრალოდ მინდა, რომ მსოფლიოს ბრიტანეთთან დაკავშირებული ცოტაოდენი პოზიტიურობა ვაჩვენო.”



Burberry შემოდგომა/ზამთარი 2023 © Vogue Runway
ადგილზე მისულ სტუმრებს სკამებზე პლედები და ცხელი წყალი დახვდათ. მანამდე კი გაეგზავნათ ტექსტი სიმღერის, რომელსაც “გაგათბობთ” ჰქვია. სივრცეში მათ ცხელ შოკოლადს და პუნშსაც სთავაზობდნენ. ეს ყველაფერი შეგვიძლია ბრენდის დამცველობით ფუნქციაზე მიმანიშნებლად მივიჩნიოთ, რადგან Burberry-ის მთავარი დანიშნულება დაარსების მომენტიდან სწორედ პიროვნების გარემოს არასასურველი ზემოქმედებისგან დაცვაა.
ჩვენებაზე დამსწრეთა შორის იყვნენ ზემოთ ხსენებული კამპანიის მონაწილეები, მათ შორის ვანესა რედგრეივი და Shygirl, ასევე “ვოგის” ამერიკული და ბრიტანული გამოცემების მთავარი რედაქტორები ანა ვინტური და ედვარდ ენინფული, დიზაინერი მარტინ როუზი, მოდელები როუზი ჰანტინგტონ-უაითლი და ნაომი ქემბელი, მსახიობი ჯოდი კომერი, რეჟისორი ბეზ ლურმენი და Burberry-ის ყოფილი კრეატიული დირექტორი ქრისტოფერ ბეილი, რომელმაც 21-ე საუკუნეში ეს ისტორიული სახელი მაღალი მოდის ფენომენად აქცია.
Burberry შემოდგომა/ზამთარი 2023
ჩვენების ჩანაწერი