
დენიელ ლის სადებიუტო კოლექციის ჩვენებამდე ორი კვირით ადრე, Burberry აქვეყნებს კამპანიას, რომელიც ბრენდის ახალ მიმართულებაზე მიგვანიშნებს.
მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, საზოგადოებისთვის ცნობილი ბრიტანელი სახეები, მათ შორის: მსახიობი ვანესა რედგრეივი, რეპერები Shygirl და Skepta, მოდელი ლენონ გალაჰერი, ფეხბურთელი რაჰიმ სტერლინგი და სხვები. ფოტოები გადაღებულია ლონდონის ღირსშესანიშნაობების ფონზე, რომელთა შორის არის ტრაფალგარი მოედანი.


ფოტოგრაფი: ტაირონ ლებონი
სიახლე იმის შესახებ, რომ ბრიტანულ მოდის სახლს ახალი კრეატიული დირექტორი ეყოლებოდა პირველად გასული წლის სექტემბერში გავრცელდა. დენიელ ლიმ აღნიშნულ პოზიციაზე იტალიელი დიზაინერი რიკარდო ტიში ჩაანაცვლა, რომელიც Burberry-ის გუნდს 2018 წელს შეუერთდა. თავად დენიელი მანამდე ამ პოზიციას Bottega Veneta-ში იკავებდა.
ახალ კამპანიაში არ არის წარმოდგენილი ის ტანსაცმელი და აქსესუარები, რომელთა შექმნაზეც დენიელმა იმუშავა. მათ ნაცვლად, გამოყენებულია ნივთები, რომლებიც ბრენდის ბრიტანული მემკვიდრეობის ფუნდამენტური და შეუცვლელი ნაწილია.
დღეს ცხადი გახდა, რომ ახალი ხელმძღვანელობის ქვეშ Burberry თავის ბრიტანულ დეენემთან იმ კავშირებს ანახლებს, რომლებიც გასული რამდენიმე წლის განმავლობაში თვალსაჩინოდ შესუსტდა. ამაზე მეტყველებს ახალი ლოგოც, რომელიც ორიგინალის განახლებული ვერსიაა. ცხენოსანი რაინდის გამოსახულებიანი ლოგოს ისტორია ჯერ კიდევ 1901 წლიდან იწყება. როგორც ძველ, ისე ახალ ვერსიაზე რაინდს ხელში უჭირავს დროშა, ლათინური წარწერით – “Prorsum.” სიტყვა ითარგმნება, როგორც – “წინ.”


Burberry-ის გენერალური დირექტორის, ჯონათან აკეროიდის, თქმით, დენიელ ლის კრეატიულ დირექტორად დანიშვნის ერთ-ერთი მიზეზი ტყავის ნაწარმის ბიზნესის ორმაგად გაზრდის სურვილია. მისი მიზანია მოდის სახლის ყოველწლიური გაყიდვები £2.8 მილიარდიდან £5 მილიარდამდე გაზარდოს. მან £4 მილიარდიან მაჩვენებლამდე მიღწევა სამიდან ხუთ წლამდე ვადით განსაზღვრა.
დენიელ ლის Burberry-ისთვის შექმნილი პირველი კოლექციის ჩვენება 20 თებერვალს, ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება.