კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ქართული მოდის ინდუსტრია რთულად, მაგრამ მაინც დაბრუნდა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. მიმდინარე წლის მაისში, თითქმის 3 წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული გაიმართა. კვირეულმა დაგვანახა, რომ საერთაშორისო პრესის მხრიდან დაინტერესება თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის მიმართ კვლავ დიდია. მას 40-მდე გამოცემის წარმომადგენელი დაესწრო. თბილისმა უმასპინძლა მყიდველებს (ე.წ. ბაიერებს) ისეთი სახელგანთქმული სავაჭრო სივრცეებიდან, როგორებიცაა: Bergdorf Goodman, Neiman Marcus, Samaritaine და ა.შ. ტრადიციულად, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულს ორგანიზება გაუწია სოფო ჭყონიამ, რომელიც The Business of Fashion-ის მიერ მოდის გლობალური ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის ერთხელ უკვე დასახელდა. BOF-მა პრესტიჟულ რეიტინგში წელს კიდევ ერთი ქართველი დაასახელა.

29 სექტემბერს, STYLE NOT COM-ის დამფუძნებელი და ავტორი, ბექა გვიშიანი გახდა მეოთხე ქართველი, რომელიც მოდის გლობალური ინდუსტრიის გავლენიან ადამიანებს შორის მოხვდა. მთელი წლის განმავლობაში, გვიშიანის შესახებ წერდნენ ისეთი გამოცემები, როგორებიცაა: The Guardian და The New York Times. მეტიც, წლის მიწურულს, გვიშიანი ამერიკული ვოგის ანონიმური გამოკითხვის ლიდერადაც დასახელდა. “სოციალური მედიის მხრივ, ეს ლურჯი კვადრატის წელიწადი იყო,” – ვკითხულობთ vogue.com-ზე ბექა გვიშიანის STYLE NOT COM-ის შესახებ.

ბექა გვიშიანი პარიზის მოდის კვირეულზე / ფოტოგრაფი: Adam Katz Sinding

წარმატებული წელი ჰქონდა თანამედროვე ქართული სამოდელო სფეროს ვარსკვლავს, მატილდა გვარლიანს. ქართველი მოდელი Gucci-ის სათვალეების სარეკლამო კამპანიის სახედ დასახელდა. გვარლიანის გამოსახულებით, გუჩის ბილბორდები გამოჩნდა მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში, პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრებსა და შენობებზე. გუჩის გარდა, მატილდამ ითანამშრომლა ისეთ ცნობილ მოდის სახლებთან, როგორებიცაა: Chanel, Calvin Klein, Valentino, Fendi, Dolce&Gabbana და ა.შ.

მატილდა გვარლიანი Gucci-ის სათვალეების ხაზის სარეკლამო კამპანიაში

2023 წელს, თავისი პირველი Vogue-ის გარეკანი გადაიღო ფოტოგრაფმა დავით გიორგაძემ, რომელიც გასული 3 წელია თანამშრომლობს ცნობილ დიზაინერებთან ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. “დავითი ცნობილია ფოტოგრაფიისა და კოლაჟების ნახატებთან და სკულპტურებთან კომბინირებით. მისი შემოქმედება პერსონაჟების შესწავლას ეფუძნება.” – ვკითხულობდით ბრიტანული მოდის საბჭოს ოფიციალურ საიტზე ჯერ კიდევ 2019 წელს. რაც შეეხება დავითის პირველ ვოგს, ქართველმა ფოტოგრაგმა Vogue Korea-სთვის ამერიკელი ტოპ მოდელი, Lulu Tenney გადაიღო.

”ბიონსესთან მუშაობა საკმაოდ მარტივი იყო, რადგან ესთეტიკურად ერთმანეთის გვესმის და მე არაერთხელ მიმუშავია მასთან.“ – განაცხადა დავით კომახიძემ, მას შემდეგ, რაც ბიონსემ თავისი გახმაურებული მსოფლიო ტურნეს, “Renaissance World Tour”-ის ერთ-ერთ გამხსნელ კოსტიუმად სწორედ David Koma შეარჩია. ქართველმა დიზაინერმა WWD-სთან საუბარში აგრეთვე აღნიშნა: “მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენელი გუნდი ჰყავს, ბიონსე ყოველთვის ძალიან ჩართულია პროცესში და იცის რა უნდა.“

2023 წელს, ბიონსემ კიდევ ერთ ქართველ დიზაინერთან დაიწყო თანამშრომლობა. ისევ და ისევ Renaissance World Tour-ის ფარგლებში, არიზონას შტატში გამართული კონცერტი, სუპერ-ვარსკვლავმა ირაკლი რუსაძის Situationist-ის სამოსით შემოსილმა გახსნა.

ვარსკვლავებთან კოლაბორაციის საინტერესო და წარმატებული წელი ჰქონდა გურამ გვასალიასაც. დემნას უმცროსმა ძმამ მადონას მსოფლიოს ტურნეზე იმუშავა და არა მარტო, იგი აქტიურად ჩნდებოდა სხვადასხვა საჯარო ღონისძიებაზე მოდის, მუსიკისა და კინოს ცნობილ სახეებთან ერთად, როგორებიც არიან: ფარელ უილიამსი, ჰეილი ბიბერი, ტრავის სკოტი და სხვები.

გურამ გვასალია და მადონა

რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით დემნას – ვრცელი ინტერვიუები The New-Yorker-თან, Vogue-თან, I-D-სთან, ჩვენებები პარიზსა და ლოს-ანჯელესში, Met Gala, თანამშრომლობა ვარსკვლავებთან კანისა და ვენეციის კინოფესტივალებზე, შეიძლება ითქვას, რომ გლობალური სკანდალიდან პირველი წელი, Balenciaga-ს ქართველმა შემოქმედებითმა დირექტორმა წარმატებით და მშვიდად განვლო.

Tags :