Vogue Runway-მ 2023 წლის შემეჯამებელი გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რედაქტორებმა, სტილისტებმა, კრეატიულმა დირექტორებმა, დიზაინერებმა და სხვებმა. ანონიმური გამოკითხვა ავლენს წლის დიზაინერს (ჯონათან ანდერსონი), წლის კოლექციას (Prada გაზაფხული 2024), ყველაზე დაუფასებელ დიზაინერს (მარტინ როუზი), რა იყო მონაწილეთა “რომის იმპერია” (ფიბი ფაილოს ბრენდი) და ა.შ. ხოლო როდესაც სოციალურ მედიაში მოდის შესახებ არსებული წლის ანგარიშის ჯერი დადგა, ხმების უმეტესობა უკვე ყველასათვის კარგად ნაცნობი ფერით აღინიშნა.
“სოციალური მედიის მხრივ, ეს ლურჯი კვადრატის წელიწადი იყო,” – ვკითხულობთ vogue.com-ზე ბექა გვიშიანის STYLE NOT COM-ის შესახებ.
© Vogue
ბექა გვიშიანმა STYLE NOT COM პანდემიის პერიოდში, 2021 წლის ივლისში შექმნა. დროის მოკლე პერიოდში Instagram ანგარიშმა, რომელზეც ინდუსტრიის შესახებ მოკლედ და გასაგები ენით, ასევე იუმორითა და საინტერესო ფაქტებით გაჯერებული პოსტები ქვეყნდებოდა, მოდის მრავალი მოყვარულის ყურადღების მიპყრობა შეძლო – როგორც ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები, ისე ისინი, ვინც შორიდან ადევნებენ თვალს მოდის ტენდენციებს. ყველა მნიშვნელოვანი სიახლის მომენტალურად გავრცელების, “ინსაიდერული” ამბების გაზიარების, პერსონალური მოსაზრებების სახალისო ფორმით დაფიქსირებით და რაც მთავარია, თითოეულ ლურჯ კვადრატში გამოხატული მოდის სიყვარულის დამსახურებით, ბექამ STYLE NOT COM აქცია პლატფორმად, რომელმაც ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებს მსოფლიოს მრავალი წერტილიდან გააერთიანა. 2023 წელს ბექა BOF 500-ის საპატიო სიაშიც ჩაეწერა.
ასევე წაიკითხეთ: ბექა გვიშიანის STYLE NOT COM-ის წარმატება საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში