სოციალური ქსელების დახმარებით, საერთო ფასეულობებისა თუ ინტერესების ადამიანების გაერთიანება ბევრად მარტივი და კომფორტული პროცესი გახდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებაა, რომელიც სოციალური ქსელების განვითარებამ თანამედროვე საზოგადოებას მოუტანა. თუმცა მიუხედავად ამისა, ხშირად, სოციალური ქსელები არა საზოგადოების გასაერთიანებლად, არამედ დასაყოფად გამოიყენება. გამონაკლისი არ არის მოდის ინდუსტრია, რომელიც უკვე არაერთი წელია სოციალურ ქსელში აქტიურად არის წარმოდგენილი, თუმცა გაერთიანება მაინც ვერ შეძლო. მიუხედავად მრავალფეროვნებისა, სწორედ ერთობა იყო ის, რაც ონლაინ სივრცეში, მოდის საერთაშორისო საზოგადოებას ასე ძალიან აკლდა. 2022 წელს, ეს შეიცვალა.
ბექა გვიშიანის STYLE NOT COM ინსტაგრამზე გასული წლის ივლისში გამოჩნდა. საკამათო და წინააღმდეგობრივ ინტერნეტსივრცეში, გვიშიანმა შექმნა პლატფორმა, რომელმაც მოდის მოყვარულებს გაერთიანებისაკენ უბიძგა. მოკლე, მარტივი და გასაგები ენით, ბექამ გააღვიძა ის ემოციები, რომლებიც ყველა ფეშენისტასთვის ნაცნობია. „შარშან ივლისში დავიწყე. პანდემია იყო, ბევრი პროექტი არ მქონდა. საკუთარ თავს ვუთხარი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩემზე უკეთ წერენ, ცნობილი ჟურნალისტები, რომლებმაც იციან მოდის ისტორია, რომლებიც ყველაფერს თავად ესწრებიან, აქვთ დიზაინერებთან შეხვედრის შანსი. მე შემიძლია ჩემი ინტერესი დავიკმაყოფილო,“ – აღნიშნავს ბექა The Cut -თან ინტერვიუში.
თავდაპირველად, STYLE NOT COM -ზე საინტერესო ფაქტები, სიახლეები, პირადი შეხედულებები და ისტორიები ქვეყნდებოდა. პოსტები დაცლილი იყო სარკაზმისგან, ირონიისგან, კრიტიკისგან და მძაფრი წინააღმდეგობრივი აქცენტებისგან. ერთ-ერთი პირველი გამორჩეული მომენტი კი, რომელმაც STYLE NOT COM-ის კონტენტის უპირატესობა გამოკვეთა და შეიძლება ითქვას რომ სრულყო, პარიზის მოდის კვირეულზე ბალენსიაგას შოუ იყო. „როდესაც გასული წლის სექტემბერში პარიზის მოდის კვირეულზე ჩავედი, ერთ-ერთი შოუ, რომელზეც დასწრების შესაძლებლობა მომეცა, ბალენსიაგას წითელი ხალიჩის ჩვენება იყო. დავპოსტე: “ფეხზე მდგარი ოვაციები დემნასთვის“, “ნაომი ბალენსიაგაზეა”, “ქარდი ბი ბალენსიაგას ესწრება.” ხალხს კი ასეთი რეაქცია ჰქონდა, ოჰ ღმერთო ჩემო, გვანდომებ რომ მეტი ვნახოთ. ვიზუალურ მასალას არ ვურთავდი. რედაქტორმა ერთხელ მითხრა, “ეროტიულივით არის, მაცდურიც კი, თითქოს გვაწვალებ.”
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართული მოდის ინდუსტრიისთვის ბექა გვიშიანი კარგად ნაცნობი სახეა. ის გახლავთ სააგენტო “ARIAL BOLD”-ის დამფუძნებელი და ანუკი არეშიძის ბრენდის, “ANOUKI”-ის PR & კომუნიკაციების ხელმძღვანელი. STYLE NOT COM-ის წარმატებამ გვიშიანს საერთაშორისო მოდაშიც მოუტანა გამორჩეული ადგილი.