საკუთარი სახელობის ბრენდში, ბოლო კოლექციის გამოქვეყნებიდან მხოლოდ ორ დღეში, ტომ ფორდმა თავისი შემცვლელის ვინაობა გაამხილა.

ამერიკელ დიზაინერს, Tom Ford-ის შემოქმედებითი დირექტორის პოზიციაზე, პიტერ ჰოუკინგსი შეცვლის. ფორდის არჩევანს მოულოდნელს ვერ ვუწოდებთ, გამომდინარე იქიდან, რომ პიტერს ტომთან 25 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. იგი ბრენდ Tom Ford-ის მამაკაცის ხაზის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

მოდაში ჰოუკინგსის პირველი სამუშაო 1998 წელს, გუჩიში, ტომ ფორდის ასისტენტობა იყო. მას მერე, იგი ფორდის გუნდის უცვლელი წევრია. “პიტერის სახით, ბრენდმა სრულყოფილი კრეატიული დირექტორი იპოვა”, – აღნიშნავს ფორდი ახალ განცხადებაში. “მან ჩემთან მუშაობა 25 წლის წინ დაიწყო, როგორც მამაკაცის ხაზის დიზაინ ასისტენტმა და საკმაოდ სწრაფად, მამაკაცის სამოსის უფროსი დიზაინერის პოზიციას მიაღწია. Tom Ford-ის შექმნის დღიდან, პიტერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბრენდის წარმატებაში. ის არის წარმოუდგენლად ნიჭიერი ლიდერი, ინდუსტრიაში მუშაობის უდიდესი გამოცდილებით.” ახალ კრეატიულ დირექტორთან ერთად, ბრენდმა ახალი აღმასრულებელი დირექტორი, გილიომ ჯესელიც წარადგინა, რომელიც ხსენებულ პოზიციაზე ტომ ფორდის ხანგრძლივ ბიზნეს-პარტნიორს, დომენიკო დე სოლის შეცვლის.

პიტერ ჰოუკინგსი და გილიომ ჯესელი

2022 წლის ნოემბერში, ტომ ფორდმა საკუთარი ბრენდი, Tom Ford ცნობილ ამერიკულ კონგლომერატს, Estée Lauder-ს 2.8 მილიარდ დოლარად მიჰყიდა.