გასული წლის ნოემბერში, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ტომ ფორდმა საკუთარი ბრენდი, Tom Ford ამერიკულ კონგლომერატს, Estée Lauder-ს 2.8 მილიარდ დოლარად მიჰყიდა, სპეკულაციები იმის შესახებ, გააგრძელებდა თუ არა ფორდი ბრენდ Tom Ford-ში შემოქმედებით დირექტორად მუშაობას, არ წყდებოდა. თითქმის ექვსი თვის შემდეგ, ფორდი აქტუალურ კითხვას კოლექციით პასუხობს.

კოლექცია, რომლის სარეკლამო კამპანიაც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა, ამერიკელმა დიზაინერმა დაახასიათა, როგორც თავისი ბოლო ნამუშევარი ბრენდ Tom Ford -ის შემოქმედებითი დირექტორის ამპლუაში. ”ეს არის ფინალური პოდიუმი ტომ ფორდისთვის,” – წერს WWD. ”დიზაინერი თავის ბრენდს ტოვებს,” – ვკითხულობთ New York Times-ის სტატიაში. ”დღეს ტომ ფორდი თავის ბრენდს ემშვიდობება.” – აღნიშნავს მოდის ბიბლიად წოდებული ვოგიც. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 19 წლის შემდეგ, დიზაინერი საკუთარ ბრენდს ტოვებს, რაც ასევე, დიდი ალბათობით, ნიშნავს, რომ იგი მოდას საბოლოოდ ემშვიდობება.

1994 წელს, ტომ ფორდმა გუჩის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა დაიკავა. 1999 წელს, გუჩის პარალელურად, იგი დაინიშნა ივ სენ ლორანის შემოქმედებით ხელმძღვანელადაც. ამასთან ერთად, ტომ ფორდი ორივე ბრენდის მფლობელი კომპანიის, Gucci Group-ის (დღევანდელი Kering) აღმასრულებელი პრეზიდენტის პოზიციასაც იკავებდა. მისი ჩართულობით, Gucci Group-მა შეიძინა ბალენსიაგას და ალექსანდრ მაკქუინის მოდის სახლები. 2004 წელს, ფორდმა კომპანიაში დაკავებული ყველა თანამდებობა დატოვა. 3 თვეში კი, საკუთარი ბრენდის შექმნაზე დაიწყო მუშაობა.

Tom Ford თავდაპირველად შეიქმნა, როგორც მამაკაცის სამოსის ბრენდი, რომლის პოპულარობამაც ფორდს უბიძგა ქალის ხაზის დამატებაც. 2010 წელს, ვოგმა გამოაქვეყნა ექსკლუზიური სტატია: “მისტერ ფორდი ბრუნდება.” ფორდი ქალის სამოსის მოდას მასშტაბურად დაუბრუნდა, მან კოლექციის პრეზენტაციაზე სუპერმოდელებთან ერთად, პოპ-კულტურის ვარსკვლავებს მოუყარა თავი, მათ შორის იყვნენ ბიონსე და ჯულიენ მური.

ტომ ფორდის ფინალური კოლექცია გასულ 13 წელში, დიზაინერის შექმნილ საყვარელ ლუქებს აერთიანებს. კამპანიაში კი, კვლავაც ვხედავთ იმ მოდელებს, რომლებმაც 2010 წელს, Tom Ford-ის ქალის ხაზის პირველი კოლექცია წარადგინეს, ესენი არიან: ჯოან სმოლსი, კარლი კლოსი, კარენ ელსონი, ქეროლაინ ტრენტინი და ემბერ ვალეტა.

ტომ ფორდის ფინალური კოლექციის სარეკლამო კამპანია:

ფოტოგრაფი: სტივენ კლეინი.