მას შემდეგ, რაც ფრანგული მოდის სახლის, Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა ქართველმა დიზაინერმა, დემნამ დაიკავა, ყველა ჩვენება განსაკუთრებულ ინტრიგას ბადებს. 2022 წელს, ბრენდის ოტ-კუტიურ შოუზე, მოდელებთან ერთად, ნიკოლ კიდმანი, ედუარდო კამავინგა, დუა ლიპა, კიმ კარდაშიანი და სხვა ვარსკვლავები ვიხილეთ. მაშინ, შესაძლოა გვეფიქრა, რომ დემნას Balenciaga ქასტით ვეღარ გაგვაკვირებდა, თუმცა 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებამ არსებულ მოლოდინებს გადააჭარბა. „საუკუნის ქასტი“ ამ სიტყვებით დაახასიათა ტოპ მოდელმა, მსახიობმა და აქტივისტმა, ჰარი ნეფმა Balenciaga-ს ახალი კოლექციის შოუ, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, პირველ ოქტომბერს გაიმართა.

როგორც ჩვენი მკითხველისათვის უკვე ცნობილია, ჩვენება დემნას დედამ გახსნა, ხოლო მეუღლემ დახურა, პოდიუმზე აგრეთვე ვიხილეთ მოდის ჟურნალისტიკის ლეგენდა, ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიტიკოსი, Cathy Horyn, რომელიც გასული 35 წლის განმავლობაში, ყველა ცნობილი მოდის სახლის ჩვენებას დასწრებია, თუმცა პოდიუმზე პირველად სწორედ დემნას შოუზე გამოჩნდა. ქათი ჰორინთან ერთად, ვიხილეთ დაიან პერნეს „ქეთვოქიც“. ბლოგერი და კრიტიკოსი, დაიან პერნე მიმდინარე წლის მაისში საქართველოსაც სტუმრობდა, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში. წაიკითხეთ ჩვენი ინტერვიუ დაიანთან.

დემნას ოჯახის წევრების და მოდის ჟურნალისტიკის ლეგენდების გვერდით Balenciaga-ს და Kering-ის (ბალენსიაგას მფლობელი კომპანიის) გუნდის წევრებიც გამოჩნდნენ, მათ შორის ბრენდის დიზაინ დირექტორი, დემნას მარჯვენა ხელი – Martina Tiefenthaler, პიარის და მარკეტინგის გლობალური დირექტორი – Robin Meason, Kering-ის მოდის დირექტორი – Lionel Vermeil და ვიზაჟისტი – Inge Grognard.

მიუხედავად იმისა, რომ კიმ კარდაშიანი ჩვენებაზე არ გამოსულა, იგი მაინც მოხვდა ბრენდის უახლესი კოლექციის ოფიციალურ კატალოგში, რომელიც Balenciaga-ს და Vogue-ს ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა. ვარსკვლავური ქასტის წევრები აგრეთვე იყვნენ: Jay-Jay Johanson, Yseult და Amanda Lepore.

დემნასთვის გამორჩეულად პერსონალურ შოუს არ ჩაუვლია დიზაინერის ცხოვრებასა და კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალის გარეშე, პოდიუმზე ვიხილეთ ანტვერპენის ხელოვნების სამეფო აკადემიის ყოფილი რექტორი – Linda Loppa.

და ბოლოს, ჩვენებაში მონაწილეობდნენ პროფესიონალი ტოპ მოდელებიც, მარიაკარლა ბოსკონო, მალგოსია ბელა და ლიუ ვენი. საკულტო ქასტში მოხვდა ორი ქართველი მოდელიც, გიორგი დემეტრაშვილი და ლუკა ტაბატაძე.

ჩვენება სრულად: