მოდის გლობალურ კალენდარში კვირეულებს რომ განსაკუთრებული ადგილი უკავიათ, სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე რეალობა, ტექნოლოგიური მიღწევების კვალდაკვალ, გვთავაზობს საინტერესო ალტერნატიულ გზებს, მოდის კვირეული კვლავაც რჩება დიზაინერებისა და ბრენდების ახალი ნამუშევრების წარდგენის ყველაზე ეფექტურ გზად. ამასთან ერთად, ისეთი პატარა და განვითარებადი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ამ რამდენიმე დღიან ღონისძიებას, უფრო დიდი დატვირთვაც აქვს, ვიდრე კოლექციების პრეზენტაციაა.
თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული 2015 წელს დააარსდა. მას მერე, წელიწადში ორჯერ, გაზაფხული/ზაფხულისა და შემოდგომა/ზამთრის სეზონებზე, ჩვენს ქვეყანას არაერთი უცხოელი ვიზიტორი სწორედ კვირეულის ფარგლებში სტუმრობს. მათ შორის არიან: ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ბლოგერები და სოციალურ ქსელებსა, თუ საერთაშორისო მედიაში ცნობილი ადამიანები. ისინი ინტერესით ეცნობიან არა მხოლოდ ქართველი დიზაინერების შემოქმედებას, არამედ ზოგადად ქართულ კულტურას
როგორც ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონი 4-8 მაისს გაიმართა.
მოდის ერთ-ერთი ორიგინალი ბლოგერი და კრიტიკოსი, მოდის შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის, A Shaded View on Fashion Film-ის დამფუძნებელი, დაიან პერნე საქართველოს მოდის კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთხელ ეწვია. ჩვენ კი, Mastercard-თან თანამშრომლობით, მოგვეცა შესაძლებლობა მას პირადად შევხვედროდით. გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, Mastercard, ტრადიციულად, თბილისის MBFW-ის ახალი სეზონის მხარდამჭერი და პარტნიორი იყო.
აშშ-ის კონგრესის 2018 წლის ინფორმაციით, მოდის ინდუსტრიის ღირებულება 1.2 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, სხვა წყაროების მიხედვით, გასული ათწლეულის მიწურულს, ინდუსტრიის ჯამურმა ღირებულებამ 2 ტრილიონს მიაღწია. მუდმივად და სწრაფად მზარდი სტატისტიკა იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოდა ახლა ისე, როგორც არასდროს, პოპულარული და მოთხოვნადია. „არავის სჭირდება იმის ნახვა, რაც უკვე მრავლად არის საერთაშორისო ბაზარზე. თუ გაქვს პირადი ისტორია და შეგიძლია ის გადმოიტანო ტანსაცმელში, თანაც იმგვარად, რომ იყოს ტარებადი, მაშინ ეს უნდა გააკეთო,“ -აღნიშნა დაიანმა ჩვენთან დიალოგში. „წლებია თვალს ვადევნებ ქართულ მოდის ინდუსტრიას, პირველად აქ 10 წლის წინ ჩამოვედი, შეიძლება კიდევ უფრო ადრეც.. ძალიან მომწონს განვითარება, ზრდა, რომელსაც ვხედავ. ზოგიერთი ბრენდის კოლექციას ჯერ კიდევ სჭირდება რედაქტირება. ჩემი რჩევა იქნება, რომ უფრო კონცენტრირდნენ იმაზე, თუ რამდენი დეტალი შეაქვთ კოლექციაში.“
MBFW-ის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონი განსაკუთრებული იმიტომაც იყო, რომ კოვიდ-პანდემიის შემდეგ, საქართველომ ფიზიკურ ფორმატში გამართულ კვირეულს პირველად უმასპინძლა. ჩვენს კითხვაზე, თუ როგორ გამოიყურება ქართული მოდა „დაბრუნების“ ფაზაში, მოდის ცნობილმა კრიტიკოსმა და ბლოგერმა ასეთი პასუხი გაგვცა: „მათ შესანიშნავად გაართვეს თავი.“ აღსანიშნავია, რომ დაიან პერნე ახალგაზრდა დიზაინერთა საერთაშორისო კონკურსის, BeNext-ის ჟიურის წევრიც გახლავთ. ამ სეზონზე, კონკურსი კვირეულის ფარგლებში გაიმართა და როგორც მან გაგვიმხილა, ყველაზე დიდი შთაბეჭდილებაც სწორედ ქართული მოდის ახალმა ტალღამ დაუტოვა.
„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს BeNext კონკურსის დიზაინერებმა. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ქსოვილებს, ოსტატურ შესრულებას და ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს არის ის, რაც ქართულ მოდაში შესამჩნევად გაუმჯობესდა. დამოუკიდებლად ქმნიან, ქსოვენ, კერავენ, ზოგიერთი მათგანი იაპონურ მეთოდებსაც იყენებს. მე ვფიქრობ, რომ რეალური შემოქმედებითობა სწორედ ქსოვილების ოსტატურად გამოყენებასა და საინტერესო კონცეფციებში ვლინდება და არა კონკრეტულ ფორმებში. ერთ-ერთმა მონაწილემ შექმნა აქსესუარი, რომლის შთაგონებაც თავისი პირადი მენტალური პრობლემა იყო, დეპრესია, რომელიც გადალახა, შინაგანი ბრძოლები… პირადი ისტორიების დიზაინში გამოხატვა ხდის მათ უფრო ორიგინალურს და მე სწორედ ეს მომწონს -ნამდვილობა, ორიგინალურობა, რადგან ყველას შეუძლია შექმნას ის რაც უკვე შექმნილია – კომერციული სამოსი გასაყიდად, ახალი ისტორიის თხრობის გარეშე.“
-დაიან პერნე.
თუ რატომ ხდება, რომ ხშირად, ახალგაზრდა დიზაინერების შემოქმედებაში ვხვდებით კრეატიულობის უფრო მეტ გამოხატულებას, ვიდრე შემდგარი მოდის სახლების დამოკიდებულებასა და შესაბამისად, კოლექციებში, ამაზე საუბრისას, დაიანმა თანამედროვე მოდის უდიდესი დილემა წამოჭრა: „როდესაც იწყებენ, უფრო მეტს ფიქრობენ შემოქმედებაზე, ვიდრე გაყიდვებზე. დროთა განმავლობაში კი, ხშირად, კრეატიულობას კარგავენ, რადგან ფიქრობენ თუ როგორ გაყიდონ უფრო და უფრო მეტი. მოდა უდიდესი ბიზნესია, რა თქმა უნდა, კომერციულად წარმატებული უნდა იყო, მაგრამ არა შემოქმედებითობაზე უარის თქმის ხარჯზე.”
დღესდღეობით, რთულია მოდის ერთ კონკრეტულ დეფიცინიაში მოქცევა, მოდა ბიზნესია? მოდა ხელოვნებაა? მოდა მარკეტინგია? როგორც არ უნდა ვხედავდეთ, ერთი რამ ნათელია,განვითარებისთვის მოდას სჭირდება ადამიანები ინდივიდუალური და კრეატიული ხედვით, რომელიც შეძლებენ საკუთარი შემოქმედება მოარგონ თანამედროვეობას. მათ კი, თავის მხრივ – ადამიანები და პლატფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობენ, მხარს დაუჭერენ შემოქმედებითი განვითარებისა და კომერციული წარმატებისაკენ მიმავალ გამოწვევებით დატვირთულ გზაზე. რასაც ისევ და ისევ მივყავართ MBFWT-თან, რადგან სწორედ მოდის კვირეული ასრულებს ერთგვარ დამაკავშირებელ რგოლს ქართველ ნიჭიერ ახალგაზრდებსა და გლობალურ მოდის ინდუსტრიას შორის. „სოფია ჭყონია ძალიან გამორჩეული ქალია, იგი ყველაფერს აკეთებს ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდასაჭერად. როდესაც გყავს ნიჭიერი პიროვნებები, რომლებმაც არ იციან თუ როგორ მუშაობს მოდის ბიზნესი და გიწევს გახდე მათთვის მიმართულების განმსაზღვრელი, ეს მარტივი საქმე არ არის, მაგრამ სოფიამ შეძლო,“ – აღნიშნა დაიანმა, „ბრავო მას! სხვა რა შეიძლება ითქვას?!“