Reuters ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში, სადაც მდებარეობს მოდის უდიდესი კონგლომერატები, ანტიმონოპოიული გამოძიება მიმდინარეობს.
ევროკომისიაში დაადასტურეს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ მაღალი მოდის სექტორის რამდენიმე დიდ კომპანიაში, თუმცა არ დაასახელეს ჩართული კომპანიები და არ დააკონკრეტეს პოტენციური დარღვევები.
სიახლეს გამოძიებაზე ადასტურებს Kering, მოდის ფრანგული კონგლომერატი, რომელიც ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: გუჩი, ბალენსიაგა, სენ ლორანი, ალექსანდრ მაკქუინი, ბრიონი. კონგლომერატის წარმომადგენლის განცხადებით, Kering სრული ჩართულობით თანამშრომლობს ევროკომისიასთან. Reuters -ის ცნობით, მილანში, გუჩის ოფისში, საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები უკვე იმყოფებოდნენ.
გამოცემის კითხვაზე, იყვნენ თუ არა ფრანგული კომპანიები ევროკავშირის გამოძიების სამიზნე, ფრანგული პოლიციის სპიკერმა თქვა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით კონფიდენციალურია. იუსტიციის მინისტრმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მოდის ფრანგული კონგლომერატის, LVMH-ის საბაზრო ღირებულებამ 500 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. LVMH გახდა პირველი ევროპული კომპანია 500 + მილიარდი ღირებულებით. რაც ისტორიულ მოვლენად უკვე აღიარეს ცნობილმა გამოცემებმა, როგორებიცაა Financial Times და Wall Street Journal.