LVMH-ის საბაზრო ღირებულებამ 500 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ევროპაში დაფუძნებულ კომპანიებს მსგავსი მაჩვენებელი არასდროს ჰქონიათ, რაც ისტორიულ მოვლენად უკვე აღიარეს ცნობილმა გამოცემებმა, როგორებიცაა Financial Times და Wall Street Journal.
აღნიშნული მიღწევა მოჰყვა LVMH-ის მსოფლიოში 10 ყველაზე დიდი კომპანიების სიაში მოხვედრას, რაც განაპირობა როგორც ჩინეთის ბაზრის, ასევე მსოფლიოს გარშემო მოთხოვნის გაზრდამ ტყავის ნაწარმსა და ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელებზე.
პარალელურად, ტყავის ნაწარმზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა ასევე LVMH-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურენტის, Hermes International-ის შემოსავლისა და საბაზრო ღირებულების 200 მილიარდამდე გაზრდა.
LVMH-ის აქციების ფასი გასულ ორშაბათს, პარიზის დროით დილის 10:43-ზე 0.3%-ით გაიზარდა, რამაც გამოიწვია კომპანიის საბაზრო ღირებულების ზრდა 454 მილიარდ ევრომდე, რაც დოლარში სცდება 500 მილიარდს. აქვე აღსანიშნია, რომ აქ კონვერტაცია ასევე თამაშობს დიდ როლს, რადგან მომენტისთვის დოლარი გაუფასურდა, ხოლო ევრო გასული ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა.
ირონიულია, თუმცა სწორედ დოლარის დაცემის გამო, LVMH-ის ინვესტორები შეშფოთებას გამოთქვამდნენ. მათი თქმით, ეს გამოიწვევდა შეერთებული შტატების ბაზარზე მოთხოვნის და შესაბამისად, შემოსავლის კლებას. თუმცა, შედეგად კონგლომერატი რეკორდულ მაჩვენებელზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპისთვის LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორი ბერნარ არნო, 213 მილიარდი დოლარით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანია.