პარიზის მაღალი მოდის კვირეულის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის მთავარ განსახილველ თემად ცხოველების საკითხი უკვე იქცა. რაც მოდის ბიზნესის რეპუტაციიდან გამომდინარე, საზოგადოებაში წინააღმდეგობრივ განცდებს აჩენს.

ბოლო დროს, მოდის ინდუსტრია მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს. ბუნებრივი ბეწვის აკრძალვის ტენდენცია უფრო და უფრო მატულობს. ახალ სეზონზე კი, ცხოველები და მათი საუცხოო სილამაზე დიზაინერების შთაგონების წყაროდ გვევლინება.

ცხოველების მოყვარული იყო კოკო შანელიც, რომელიც საკუთარ პარიზულ აპარტამენტში ბესტიარიუმს და ლომების სკულპტურებს ინახავდა. სწორედ კოკოს სახლი და სკულპტურები გახდა Chanel-ის დღევანდელი შოუს სცენოგრაფიის შთაგონება. პოდიუმის მოსაწყობად ბრენდის შემოქმედებითმა დირექტორმა, ვირჯინია ვიარდმა ხელოვან Xavier Veilhan-თან ითანამშრომლა.”იდეა გაჩნდა სენეგალში გამართული შოუს შემდეგ, როდესაც ქსავიერს კოკოს ბინაში შევხვდი. ის გაოცდა ლომებისა და ფრინველების ქანდაკებებით, რომელიც იქ დახვდა,” – აღნიშნა ვიარდმა. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ვირჯინიას და ქსავერის უკვე რიგით მესამე თანამშრომლობაა.

“შანელის” 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ-კუტიურ კოლექცია გახსნა მოდელმა, რომელსაც სპილოს ძვლისფერი ღილებიანი ქურთუკი, ფრიალა ფოჩებიანი კაბა და შავი ქუდი ამშვენებდა. პირველი ლუქი განსაზღვრავდა კოლექციის ზოგად იერსახეს, რომელიც ტრადიციულად, კლასიკური მოდელებისგან და ბევრი ტვიდისგან შედგებოდა. შოუ საქორწილო კაბით დაიხურა, რომელიც გერმანელმა ტოპ მოდელმა, ანა ევერსმა წარადგინა.

Chanel გაზაფხული/ზაფხული 2023 ოტ-კუტიური