ორშაბათს პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ პირველივე ჩვენებას უჩვეულოდ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. მიზეზი ცხოველების რეალისტური სკულპტურებია, რომლებიც პოდიუმზე მოდელებმა ნაომი ქემბელმა, შალომ ჰარლოუმ და ირინა შეიკმა წარადგინეს. ისინი Schiaparelli-ის მოდის სახლის მიერ დენიელ როუზბერის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შეიქმნა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

“ეს არც მოდაა და არც ხელოვნება. მთავარი გზავნილი ძალადობის წახალისებაა. უსიამოვნო, შემაძრწუნებელი და არასწორია,” – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი მოდის სახლის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელიც ამ ნამუშევრებს ეძღვნება. სწორედ ასეთი შინაარსის არის იმ კომენტარების უმეტესობა, რომლებიც Schiaparelli-ის ახალ კოლექციასთან დაკავშირებით იწერება.

მოდის სახლის განმარტებით, ხელით დამზადებული და მოხატული ნამუშევრების შესაქმნელად ქაფი, რეზინი, შალი და აბრეშუმის არანატურალური ბეწვი გამოიყენეს. ლომი, ძუ მგელი და ლეოპარდი დანტეს “ღვთაებრივ კომედიაში” აღწერილი ინფერნოდან (ჯოჯოხეთი) სიამაყეს, სიხარბეს და ვნებას განასახიერებენ. პრეზენტაციაზე ნაჩვენები სკულპტურებიც პოემის ამ ნაწილს ეფუძნებოდა. 

“Inferno, Purgatorio, Paradiso (ჯოჯოხეთი, სალხინებელი, სამოთხე): ისინი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს,” – აღნიშნულია დენიელის მიერ ჩვენების ჩანაწერებში. “ეს არის შეხსენება იმისა, რომ სამოთხე არ არსებობს ჯოჯოხეთის გარეშე; სიხარული მწუხარების გარეშე; შემოქმედებით მონიჭებული აღმაფრენა ეჭვით წამების გარეშე; საკუთარ თავს შევსთხოვ, რომ მუდამ მახსოვდეს, ჩემს ყველაზე რთულ დღეებშიც, როცა შთაგონება არსად ჩანს, ნუ დამავიწყდება, რომ სამოთხეში ადგილის დასამკვიდრებლად ჯერ ცეცხლის გავლა და იმ შიშის გამოცდაა საჭირო, რომელიც ამას თან ერთვის. ნება მომეცით ეს გავითავისო.”

დიზაინერმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ნაჩვენები სკულპტურები ფოტორეალისტურ მიდგომას გამოხატავდა სიურრეალიზმისა და Trompe-l’œil-ის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მათი შექმნისას ცხოველები არ დაშავებულან, Schiaparelli-ის მისამართით საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების უმთავრესი მიზეზი კოლექციით ცხოველების მიმართ გამოჩენილი სისასტიკის ხელშეწყობის დაშვებაა.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელი ჩვენების შემდეგ Schiaparelli-ის უმცირესობაში მოხვედრილ გულშემატკივრებს შორის ვხვდებით PETA-ს. ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის პრეზიდენტმა ინგრიდ ნიუკირკმა TMZ-სთან საუბრისას თქვა, რომ შოუზე დასასწრებად მისული კაილი ჯენერის ლომის თავის გამოსახულებიანი კაბა, რომელიც პოდიუმზეც ვიხილეთ, “ლომების მშვენიერებას წარმოაჩენს და შესაძლოა განაცხადიც იყოს ნადავლისთვის ნადირობის წინააღმდეგ, რომლის გამოც ლომის ოჯახი ადამიანების ეგოიზმის დასაკმაყოფილებლად ნადგურდება.” ცხოველებთან დაკავშირებული ხელოვნური მასალით შექმნილი ნამუშევრებით მოხიბლულმა ინგრიდმა ასევე განაცხადა: “ეს გასაოცრად ინოვაციური სამგანზომილებიანი ცხოველების თავები მეტყველებს იმაზე, რომ როცა სურვილი არსებობს, გამოსავალიც მოიძებნება.”

Schiaparelli გაზაფხული/ზაფხული 2023 ოტ კუტიური
ჩვენების ჩანაწერი