პარიზის მაღალი მოდის კვირეულის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონი 26 იანვარს დაიხურა. შერჩეული ბრენდების განსხვავებული ისტორიიდან და დიზაინიდან გამომდინარე, კვირეულის დასკვნითი დღე საკმაოდ მრავალფეროვანი გამოდგა.
Fendi – შემოქმედებითი ხელმძღვანელი: კიმ ჯონსი.
მინიმალისტური და მიმსგავსებული სილუეტებით, ინგლისელმა დიზაინერმა უსაფრთხო არჩევანი გააკეთა. კიმ ჯონსის შთაგონება ქალის თეთრეულის ხაზი გახდა, გამოწვევა კი, მისი საღამოს კაბებად გარდაქმნა.
ჩვენება დიდწილად საღამოსა და კოქტეილის კაბებისგან შედგებოდა. კაბები კი, უმეტესად ღია ფერებში იყო წარმოდგენილი, მოდელებიც თეთრი ფერის ოვალურ სივრცეში, მინიმალისტური ვარცხნილობითა და მაკიაჟით გადაადგილდებოდნენ. საბოლოო ჯამში, ოტ-კუტიურის მაღალი მოთხოვნების გათვალისწინებით, Fendi-ს ახალი კოლექცია ზედმეტად ერთფეროვანი და მოზომილი აღმოჩნდა.
Mugler – შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ქეისი ქადუალედერი.
მოზომილი და მოკრძალებული, ეს სწორედ ის სიტყვებია, რომლებსაც Mugler-ის შესახებ ვერ გამოვიყენებთ. პანდემიის შემდეგ, ბრენდს ფიზიკური ფორმატის ჩვენება არ გაუმართავს. სწორედ ამიტომ, Mugler-ის გულშემატკივრები გუშინდელ საღამოს განსაკუთრებით ელოდნენ.
ამერიკელი დიზაინერი პოდიუმს მოსალოდნელი ხმაურით დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მუგლერის ესთეტიკაშიც ქალის თეთრეული დიდ როლს თამაშობს, კიმ ჯონსისგან განსხვავებით, ქეისი მას უფრო გაბედულად იყენებს. მეტიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ვულგარულ ელემენტებსაც არ ერიდება.
Robert Wun – შემოქმედებითი ხელმძღვანელი: რობერტ ვუანი.
ეს კი, იყო ჩვენება, რომელსაც ჰაიდერ აკერმანისა და ჟან პოლ გოტიეს შემდეგ, მოდის ინსაიდერები ყველაზე მეტად ელოდნენ. ინგლისში მოღვაწე ახალგაზრდა დიზაინერმა კუტიურ კვირეულში პირველად მიიღო მონაწილეობა, თუმცა რობერტის სახელი ინდუსტრიისთვის ახალი ნამდვილად არ არის.
ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი, პანდემიის პერიოდში, ახალგაზრდა დიზაინერმა მოდის კრიტიკოსებისა და სტილისტების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. გუშინ გამართული შოუს შემდეგ, არაორდინალურად კრეატიულმა რობერტ ვუანმა პარიზული მოდის უმაღლეს წრეებში ოფიციალურად შეაბიჯა.