პარიზში ჰაიდერ აკერმანის Jean Paul Gaultier-ს მოდის სახლისთვის შექმნილი ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენება გაიმართა და ის იყო ყველაფერი, რაც ტანსაცმლის შექმნის უმაღლეს ფორმას მთელი თავისი დიდებულებით წარმოაჩენდა.

2020 წლის იანვარში ჟან პოლ გოტიემ მოდის ინდუსტრიაში 50 წლიანი კარიერა თავისი ბოლო კოლექციის ჩვენების გამართვით დაასრულა. ლეგენდარული ფრანგი დიზაინერის მოდიდან წასვლის მიუხედავად, ბრენდმა Jean Paul Gaultier-მ არსებობა განაგრძო და მისმა დამაარსებელმა შემოქმედებითი სადავეები სხვა დიზაინერებს გადააბარა. ყოველ სეზონზე მისთვის ოტ კუტიურ კოლექციებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი დიზაინერი ქმნის. პირველად ეს საპატიო პასუხისმგებლობა Sacai-ის ჩიტოსე აბეს დაეკისრა, შემდეგ – Y/Project-ის გლენ მარტენსს და Balmain-ის ოლივიე რუსტენს. ჰაიდერი მეოთხე დიზაინერია, რომელმაც ჟან პოლ გოტიეს ბრენდისთვის ოტ კუტიურ კოლექცია შექმნა.

კოლუმბიაში დაბადებულმა ფრანგმა დიზაინერმა თავის შემოქმედებაში გოტიეს უფრო მინიმალისტური, მშვიდი მხარე და მისთვის დამახასიათებელი უზადო ტექნიკები გამოავლინა. “მინდოდა მისი შემოქმედების არსს ჩავსწვდომოდი, რომელიც სრულყოფილი იყო. ხალხს ავიწყდება, რამდენად უმწიკვლო იყო მისი “თეილორინგი,”” – აღნიშნა მან. “სუფთა ხაზებს დავუბრუნდი, რათა სიმშვიდე და სინატიფე მეპოვა. მის შემოქმედებას მაგიურად მივიჩნევ.”

კოლექცია იყო ერთგვარი კვლევა გოტიეს შესრულებული სამუშაოს იმ ნაწილის, რომელიც ნაკლებად თვალსაჩინოა. ჰაიდერმა მისი გამოვლენა ისე მოახერხა, რომ ნამუშევრებს თავისი ხელწერაც დაამჩნია და დაგვანახა ის შესაძლებლობები, რომლებიც გამომჟღავნებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა. წლების წინ კარლ ლაგერფელდს ჰკითხეს თუ ვის ისურვებდა Chanel-ში თავის შემცვლელად, მისი პასუხი ჰაიდერ აკერმანი იყო.

ჩვენება გარკვეულწილად კონტრასტს ქმნიდა იმასთან, რაც ახლა მოდაში ხდება. მას წინა რიგიდან თვალს ადევნებდნენ: ტილდა სუინტონი, ბეზ ლურმენი, ტიმოთი შალამე, კატრინ დენევი და, რა თქმა უნდა, თავად ჟან პოლ გოტიე, რომელსაც სახეზე შესამჩნევად დასთამაშებდა სიამაყის ღიმილი. ატმოსფერო ცოტათი დრამტული, პომპეზურობისგან დაცლილი, თუმცა მომნუსხველი იყო. მოდელები ცისფერ სივრცეში, მისტიურ განათებაში, ნელა დაიარებოდნენ და აუდიტორიის წინაშე პოზიორობდნენ. კოლექციის მსგავსად პრეზენტაციაც ძველი სკოლის ოტ კუტიურის თანამედროვე გამოძახილი იყო. შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ ათწლეულების მერე, 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ სეზონის ამ ტრიუმფალურ შოუსაც ისეთივე აღფრთოვანებით გავიხსენებთ, როგორსაც სხვა ისტორიულ ჩვენებებს.

“იუმორის გრძნობა საერთოდ არ მაქვს! მე სერიოზულობა მახასიათებს, ის კი დიდსულოვანი და მხიარულია – ერთმანეთისგან განვსხვავდებით,” – განაცხადა ჰაიდერმა ჟან პოლზე საუბრისას. “მაგრამ, ამავდროულად, ბევრი რამეც გვაქვს საერთო, რადგან ქალები ორივეს გვიყვარს, მათ თაყვანს ვცემთ და ვაფასებთ.”

ჰაიდერ აკერმანის Jean Paul Gaultier-ისთვის შექმინილი კოლექციის ჩვენების ჩანაწერი

Tags :