
გასულ ათწლეულში, ინკლუზიურობის საკითხი მოდაში მთავარ თემად იქცა. წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულმა სტანდარტება და აღქმებმა, მოდელების ფორმებთან დაკავშირებით, რღვევა დაიწყო. ინდუსტრიაში გამოჩნდნენ პლუს-ზომის მოდელები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი ბრენდების ჩვენებებსა და სარეკლამო კამპანიებში. ისინი ინდუსტრიის წამყვანი სახეები გახდნენ. ბუნებრივია, რომ ეს პროცესი მარტივი არ ყოფილა და დღესაც კი, არ წყდება კამათი იმაზე, თუ რამდენად აღიქვამს მოდა მიმდინარე ცვლილებებს სერიოზულად, არის თუ არა ინკლუზიურობა მომენტის ტრენდი, თუ ცვლილებების ქარმა რეალურად შეაღწია ინდუსტრიაში.
როგორც ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის მოდის კვირეულების სეზონზე, ბოლო 5 წელთან შედარებით, პლუს-ზომის მოდელების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. რამაც ყველა დააფიქრა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მოდა ძველ “ჩვევებს” უბრუნდება?! 2000-იანი წლების ესთეტიკის დაბრუნება, “heroinc chic”-ის დაბრუნება, დიაბეტური წამლების გასახდომად გამოყენების პოპულარობა – რთულია რომ მიმდინარე “ტრენდები” გამოგვეპაროს, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ინდუსტრიაში კვლავაც არსებობენ გავლენიანი დიზაინერები და რედაქტორები, რომლებსაც მოდის ინკლუზიურობის კვლავ სჯერათ. მათ შორისაა ბრიტანული ვოგის მთავარი რედაქტორი, ვოგის ევროპული გამოცემების სარედაქციო სამსახურის ხელმძღვანელი, ედვარდ ენინფული. ცოტა ხნის წინ, ენინფულმა ბრიტანული ვოგის 2023 წლის აპრილის ნომრის გარეკანი გამოაქვეყნა, რომელსაც 3 პლუს-ზომის მოდელი ამშვენებს.
სამივე მათგანი მოდის მოყვარულებისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახეა – Paloma Elsesser, Jill Kortleve და Precious Lee. ისინი მომენტის ყველაზე წარმატებული პლუს ზომის სუპერმოდელები არიან. მათი ხილვა ისეთი გავლენიანი გამოცემის გარეკანზე, როგორიც არის ბრიტანული ვოგი, შეგვიძლია ჩავთვალოთ სიგნალად, რომ მოდის ინდუსტრია მარტივად არ დათმობს იმ მონაპოვარს, ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების სახით, რომელიც გასულ ათწლეულში საკმაოდ დიდხნიანი ლოდინის შემდეგ მიიღო.
Vogue დიდი ბრიტანეთი – 2023 წლის აპრილი



