ნიუ-იორკის მოდის კვირეულის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პლუს-ზომის მოდელი ჯორჯინა ბურკი BoF-ის ჟურნალისტს ესაუბრა. ჯორჯინა უკვე 13 წელია ინდუსტრიაში მოღვაწეობს და აღნიშნულ სეზონზე მისი განწყობა საკმაოდ ნეგატიური აღმოჩნდა. მისი თქმით, ბოლო 5 წელთან შედარებით, 14+ ზომის მოდელებისთვის პოდიუმზე წელს ადგილები საერთოდ არ არის. “ისინი [დიზაინერები] დიდი ზომის გოგონებს ერთ, მაქსიმუმ ორ ადგილს უთმობენ. მათაც კი, მაღაზიებში ჩვენთვის სამოსი გასაყიდად არ აქვთ.” აღნიშნავს ის. ბურკი ამ სეზონზე Veronica Beard-ის ჩვენებაზე გამოვიდა და დაამატა, რომ თავისი საპოდიუმო ლუქის შეძენას შეძლებდა (ნივთების გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ).

ბოლო ათწლეულის მეორე ნახევარში პლუს-ზომის მოდელების “შემჩნევისა” და “აღიარების” დიდი ტალღა ვიხილეთ, თუმცა, დიდი ალბათობით, “body positivity” მოძრაობა იძულებითი ქმედების მორიგი მაგალითია.
აღსანიშნია, რომ ყველაზე მეტი მრავალფეროვნება პოდიუმებზე სწორედ ნიუ-იორკში ფიქსირდებოდა და თუ კი ყველაზე “ლიბერალურ” ქალაქშიც ყველაფერი ძველ რუტინას უბრუნდება, შესაძლოა ევროპის დედაქალაქებში პლუს-ზომის გოგონები საერთოდ არ ვიხილოთ.
თეორიები, თუ რატომ ვუბრუნდებით მოძველებულ “ჩვევებს”, მრავლადაა. მაგალითად, 2000-იანი წლების ესთეტიკის დაბრუნება, “heroinc chic”-ის დაბრუნება, დიაბეტური წამლების გასახდომად გამოყენების პოპულარობა, და ა.შ. ზოგი აღნიშნავს იმასაც, რომ პლუს-ზომის გოგონების ადგილები საშუალო ზომის გოგონებმა დაიკავეს (საუბარია 8-10 ზომებზე).

პლუს ზომის მოდელებზე მოთხოვნის კლების შესახებ ქასთინგ დირექტორებიც საუბრობენ. მათი თქმით, ტენდენცია უკვე წინა სეზონზე შენიშნეს, ხოლო 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ეს კიდევ უფრო გამძაფრდა. აღნიშნულ თემაზე Zoe Magazine-მა ჯერ კიდევ გაზაფხული/ზაფხულის 2023 წლის სეზონის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა სტატია.
JAG Models-ის პარტნიორმა, გერი დეიკინმა აღნიშნა, რომ სამწუხარო იქნება, თუ წლების შრომა ერთ სეზონში წაიშლება და ჩაბარდება წარსულს. “ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ მოდა ცირკულირებს,” ამბობს დეიკინი, “ჩვენ კიდევ ერთხელ გავიარეთ წრეზე და დავუბრუნდით საწყის წერტილს. ახლა დროა დავფიქრდეთ, თუ რას ეუბნება ეს მომხმარებელს.”

მრავალფეროვნების ნაკლებობას გამოეხმაურა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პლუს-ზომის მოდელი ქენდის ჰაფინიც, რომელმაც ნიუ-იორკი ამ სეზონზე გამოტოვა (ის ავსტრალიაში მუშაობდა), მან ინსტაგრამის სთორების მეშვეობით დაუსვა კითხვა დიზაინერებს, თუ რატომ გადაწყვიტეს “პლუს-ზომის მოდელების აყვანისგან თავის შეკავება, როდესაც წლების განმავლობაში ცდილობდნენ body-positivity-ს ნაწილი ყოფილიყვნენ”.
შესაძლოა, ზუსტი დასკვნის გაკეთება ჯერ-ჯერობით ადრეა, თუმცა ტენდენციის ადრე შემჩნევა შეუქცეველი პროცესის საწყის ეტაპზე შეჩერების ერთადერთი გზაა. ფაქტია, რომ სოციალურ ქსელებში, ისევე, როგორც დიდ გამოცემებში, პოდიუმებზე მრავალფეროვნების ნაკლებობაზე აქტიურად საუბრობენ. საუბრის შედეგს, სავარაუდოდ, მომავალ სეზონზე ვიხილავთ.