
Dior-ის მარია გრაცია ქიურიმ 2023 წლის წინა-საშემოდგომო კოლექცია გასულ ხუთშაბათს მუმბაიში, ინდოეთის კარიბჭესთან გამართა. გრანდიოზულ ჩვენებას 800 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის ვარსკვლავები, ჰოლივუდიდან, ბოლივუდიდან და მოდის სამყაროდან.
ჩვენებიდან რამდენიმე დღეში, ფრანგულმა მოდის სახლმა ამავე კოლექციის კამპანია გაავრცელა, რომელიც, რა თქმა უნდა, ასევე ინდოეთშია გადაღებული. ეს ნაბიჯი ეხმაურება კიმ ჯონსის, დიორის მამაკაცის ხაზის დიზაინერის ნაბიჯს, რომელმაც გასულ დეკემბერს წინა-საშემოდგომო ჩვენება ეგვიპტეში, გიზის პირამიდების ფონზე გამართა და მოგვიანებით იმავე ლოკაციაზე გადაღებული კამპანია წარადგინა.



კამპანიის ლოკაცია ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე შტატი რაჯასტანია, რომელიც ცნობილია სამეფო სასახლეებითა და ხელოვნური ტბებით. მოდელები ლინეისი მონტერი, ნანდინი მალვადე, მარიელ უჩიდა, კატარინა გუედესი, ელეონორ გურიტანი და სვატი ეკი ფოტოგრაფ ვივიენ სასენის ობიექტივში პოზირებენ, შავ-თეთრ ტუნიკებსა და გრძელ ქვედაბოლოებში.
კამპანიაში წარმოდგენილ სამოსზე ინდური კულტურით შთაგონებული ოქროსფერი ნაქარგები ჩანს, რომელზეც მარია გრაცია ქიურიმ კარიშმა სვალისთან და მის გუნდთან ერთად იმუშავა.
გადაღების კრეატიულ მიმართულებაზე ფაბიენ ბარონმა იმუშავა. კამპანიის სტილისტი ელინ სვონია, ვიზაჟისტი პიტერ ფილიპსი, ხოლო თმის სტილისტი – დემიენ ბუასინო.
კოლექციის მცირე ვერსია დიორმა ჯერ კიდევ გასულ დეკემბერს წარადგინა, ხოლო გრანდიოზული ჩვენების შესახებ ცნობილი მარტის დასაწყისში გახდა.