“სიმართლე გითხრათ, ეს ჩვენება ჩემთვის ძალიან პირადულია, ის არ ეხება ბაზრებსა და გაფართოვებას, ” თქვა WWD-სთან საუბარში მარია გრაცია ქიურიმ, დიორის მუმბაიში გამართულ Pre-Fall ჩვენებაზე. “ამ მომენტით ჩვენ აღვნიშნეთ გრანდიოზული თანამშრომლობა. ჩვენ ერთად წარმოუდგენლად დიდი შრომა ჩავდეთ ამ კოლექციაში. ინდური კულტურისა და შემოქმედების აღნიშნვა მნიშვნელოვანია, ასევე ვისურვებდი ამ ყველაფრის მომავალში გაგრძელებასაც. ეს ჩვენი მიზანია.” ამბობს ქიური კარიშმა სვალიზე, ჩანაკია ატელიესა და ჩანაკიას მუმბაის სკოლის ხელმძღვანელზე. როგორც აღმოჩნდა, მარია გრაცია და კარიშმა ერთმანეთს 25 წელზე მეტია იცნობენ, მათ ახლო მეგობრობა აკავშირებთ და ეს კოლექცია მარია გრაციამ სწორედ კარიშმასთან კოლაბორაციით შექმნა.

ჩვენება ისტორიულ ადგილას – ინდოეთის კარიბჭესთან გაიმართა, არაბეთის ზღვის პირას. ლოკაციის მოპირდაპირედ კი, ულამაზესი სასტუმრო ტაჯ მაჰალია.

99 ლუქით, კოლექციამ გრანდიოზულობის მოლოდინი გაამართლა. წინა რიგებში სელებრითები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ, იარა შაჰიდი, კარა დელევინი, ფრიდა პინტო, მეიზი უილიამსი, სიმონ ეშლი, ტაილანდელი მაილ ფაკფუმი, აპო ნატავინი და რა თქმა უნდა ბოლივუდელი ვარსკვლავები – სონამ კაპური, ანუშკა შარმა, ვირატ კოჰლი, ანუშკა შანკარი და სხვები.

WWD-სთან დიორის ახლად დანიშნულმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, დელფინ არნომაც ისაუბრა, “ჩვენების ადგილმდებარეობა ღრმადაა დაკავშირებული ჩვენს საერთო ისტორიასა და ოსტატობასთან. დიორის სახლს ინდოეთთან ბევრი რამ აკავშირებს ისტორიულად. ეს კავშირი 1947 წელს თავად კრისტიან დიორმა წამოიწყო, ხოლო შემდეგ ეს კავშირი მარკ ბოანმა განაგრძო. ახლა ამას მარია გრაცია აკეთებს.”

ჩვენების გასაფორმებლად უზარმაზარი 14 მეტრიანი ტორანი გაიშალა, რომელზეც ჩანაკია ატელიემ იმუშავა. ტორანი ინდოეთისა და ინდუიზმის კულტურის ნაწილია, ინდოეთში ქალები ტორანებს საუკუნეების განმავლობაში ქარგავენ. “მას შემდეგ, რაც ნეჰალის სახლში ტორანი ვნახე, ყოველთვის ჩემი ოცნება იყო თავადაც შემექმნა ის,” ამბობს მარია. ნეჰალ შაჰი კარიშმას ძმაა და ის ასევე ჩანაკიას ერთ-ერთი დირექტორია. “ჩანაკიას ოსტატები აღნიშნულ ტორანზე 35.000 საათი მუშაობდნენ და მათ 25 სხვადასხვა ტექნიკა გამოიყენეს, მათ შორის ფულკარი, სარკით მუშაობის ტექნიკა, კანთა და სხვები. ტორანი ლოტუსებით, სპილოებით და ფარშევანგებითაა გაფორმებული, ის მოსულ სტუმრებს უხმობს აღმოაჩინონ ინდოეთის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა.”

ინდური ნაციონალური კოსტიუმების გარდა, მარია გრაციამ შთაგონებისთვის დიორის არქივებსაც მიმართა. ერთ-ერთი ასეთი 1962 წელს მარკ ბოანის მიერ მუმბაიში გამართული Air India-სთან ერთად კოლაბორაციაში შექმნილი კოლექცია გახდა. ასევე მისთვის ინსპირაციის წყარო ჰოლის ფესტივალია, რომლის ფერებიც ჩვენებაზე უხვად იყო – ჯამუნი (იასამნისფერის ერთ-ერთი ტონალობა), მუქი ვარდისფერი და სხვა. აღსანიშნია ასევე 3D ტექნიკით შექმნილი ორგანზას ყვავილები, რომლებზეც ჩანაკიას სკოლის ოსტატებმა შექმნეს.

იხილეთ ჩვენების სრული ჩანაწერი: