30 მარტს მუმბაიში, “ინდოეთის კარიბჭის” ისტორიული მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოება Dior-ის წინა-საშემოდგომო კოლექციას იხილავს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული ლუქს მეგაბრენდი ინდოეთში დამოუკიდებელ მასშტაბურ ჩვენებას გამართავს.

“ჩემთვის ინდოეთში ჩვენების გამართვა ასევე ნიშნავს ნაქარგებში გამოხატული ინდოეთის მემკვიდრეობის და მოდის სამყაროსთვის მისი მნიშვნელობის წარმოჩენას,” – განაცხადა Dior-ის კრეატიულმა დირექტორმა მარია გრაცია კიურიმ BoF-თან საუბრისას.

გამოცემის ცნობით, კოლექცია გაყიდვაში აპრილის ბოლოს გამოვა და მოიცავს: აბრეშუმის კაბებს, საღამოსთვის განკუთვნილ პალტოებს და ინდური ტრადიციული სამოსით, სარით, შთაგონებულ ქვედაბოლოებს. გარკვეული ნივთები მოქარგული იქნება მუმბაიში მდებარე ქალების სასწავლო სახელოსნო და ატელიე Chanakya-ს მიერ, რომელთანაც მარია უკვე 20 წელზე მეტია თანამშრომლობს.