მოდის მუდმივად ცვალებად სამყაროში, ახალი წელიწადის დადგომა ახალი ტრენდების დაბადებასაც ნიშნავს და ამ მხრივ, არც 2024 აღმოჩნდა გამონაკლისი. თუ გასული წლის განმავლობაში, Quiet Luxury იყო ის რის შესახებაც ლაპარაკობდნენ ყველგან, Vogue -იდან TikTok-ამდე, ახლა ინტერნეტსა და მოდის მოყვარულებს ახალი ტრენდი აქვთ აღმოსაჩენი.
‘Mob Wife Trend’ ამ სახელწოდებით ტიკტოკზე ვიდეოების ნახვებმა უკვე გადააჭარბა 180 მილიონს, Google -ში კი, ‘Mob Wife Winter’ -ის ძიების მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. ‘Mob Wife’, როგორც მოდური ტრენდების უმრავლესობა, ინოვაციას არ გულისხმობს, არამედ, ის შთაგონებულია წარსულით, უფრო კონკრეტულად კი, 1980-იანი და 90-იანი წლების ქალების ესთეტიკით. გაიხსენეთ გასული საუკუნის ცნობილი სატელევიზიო შოუები და ქალი პერსონაჟები, მაგალითად: კარმელა სოპრანო სერიალიდან „სოპრანოს კლანი“ ან/დაც ელვირა ჰენკოკი ფილმიდან „ნაიარევი სახე“.
Quiet Luxury-ისთან შედარებით, ‘Mob Wife’ უფრო დატვირთული, ჭარბი და პომპეზურია, Barbiecore და Clean Girl ესთეტიკასთან შედარებით კი, მეტად ზრდასრული, თავდაჯერებული და ჩამოყალიბებული. ეს არის სტილი, რომელსაც არა გოგოები, არამედ ქალები ატარებენ. თუ თქვენ მინიმალიზმის მოყვარული ხართ, მაშინ კომფორტის ზონის დატოვება მოგიწევთ, რადგან მოცულობითი ქურთუკები (სასურველია ხელოვნური ბეწვის), ბზინავი დეტალები, მრავალფეროვანი პრინტები, აქსესუარები, გრძელი ფრჩხილები ე.წ. ფრენჩის დიზაინით და მაკიაჟი ამ ტრენდის განუყოფელი ნაწილია.
‘Mob Wife’ ესთეტიკაში არაფერია ბეჟი და ნეიტრალური, პირიქით, ის თამამი და გაბედულია, შესაძლოა იყოს ვულგარულიც, გამოხატული ზედმეტად ჭრელ თუ თვალშისაცემ პრინტებში. რაც შეეხება ბრენდებს, რომლებიც ხშირად გვთავაზობენ ამ ესთეტიკის ტანისამოსს, დაივიწყეთ The Row, Hermès, Ralph Lauren და თვალი ადევნეთ ისეთ მოდის სახლებს, როგორებიცაა: Dolce & Gabbana, Versace, Schiaparelli – ბრენდებს, რომლებიც არ ერიდებიან პომპეზურობას, თუნდაც ვულგარულობის ხარჯზე.