2010-იან წლებში, როდესაც ჰუდი გახდა ახალი ოტ-კუტიური და დიორის პოდიუმზე Supreme-ს ლოგო ვიხილეთ, მოდის ინდუსტრია დაბნეულობამ მოიცვა. საოცნებო და სრულყოფილი სამყარო შეულამაზებელი რეალობის ხარჯზე გაუფასურდა, ქუჩის სტილმა მაღალი მოდის გლამურულ და მდიდრულ პოდიუმზე გადაინაცვლა, ლოგოების ტრენდმა მწვერვალს მიაღწია, მოდური მაისური კი, პოლიტიკური პოზიციის დასაფიქსირებელ საშუალებად იქცა, არავის სურდა მცირედზე დაჯერება და ჩუმად ყოფნა.. ეს ერთგვარი რევოლუცია იყო, რომელმაც ძვირადღირებული მაღალი, ე.წ. “Luxury” მოდა თავდაყირა დააყენა.

ერთის მხრივ, გასულმა ათწლეულმა ნათლად დაგვანახა, რომ ფუფუნება (Luxury) არ არის სტატიკური, მკაცრად ერთ ჩარჩოში მოქცეული მოვლენა და ის საზოგადოებასთან ერთად ყალიბდება, ხოლო მეორეს მხრივ – შეამზადა ნიადაგი ცვლილებისთვის. სიჭარბითა და მაქსიმალიზმით დაღლილ მომხმარებელს სიახლე სჭირდებოდა, რომელიც ნაკლებად ქაოტური და მეტად მშვიდი, სტაბილური იქნებოდა. სწორედ ასე, მოდამ ხელახლა აღმოაჩინა „ჩუმი/მშვიდი ფუფუნება“ (ე.წ. Quiet Luxury) რომელიც უფრო მეტად ცხოვრების სტილია, ვიდრე დროის კონკრეტულ მონაკვეთში გაბატონებული ტრენდი.

თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში, ფრანგული არისტოკრატული წრე სიმდიდრის გარეგნულად გამოხატვას ერიდებოდა. თავდაპირველად,მათი სურვილი მონარქიისგან დისტანცირება იყო, ამიტომ უპირატესობას ძვირფასი ქსოვილებისგან შექმნილ მარტივ სამოსს ანიჭებდნენ, რომელიც ერთი შეხედვით ზედმეტად უბრალო იყო.  მაშინ როდესაც აღმოსავლეთის კულტურებში დღემდე, სიმდიდრე ასოცირდება სიუხვესთან, ფერად, ბზინავ აქსესუარებთან, მაკიაჟთან და თვალისმომჭრელ დეტალებთან, ფრანგული მაღალი საზოგადოება და მათთან ერთად, მთლიანად დასავლური კულტურა, რომელსაც მაღალი მოდის სტანდარტების ჩამოყალიბებასა და გავრცელებაში უდიდესი როლი მიუძღვის, მინიმალისტურ ესთეტიკას, როგორც ჭეშმარითად მდიდრულ გემოვნებასა და სტილს აყალიბებდა.  აღნიშნული სტილი ტანისამოსს, როგორც აღტაცების წყაროს, ანდაც ხელოვნების ფორმას, რომელმაც შესაძლოა ადამიანის  მსოფლმხედველობა შეცვალოს, უგულებელყოფდა. მინიმალიზმი კი, რომელიც საკუთარ თავში სისადავეს და უბრალოებას მოიცავს, პირველადი განსაზღვრებით, იდეალურად ერგებოდა ზემოხსენებულ მიდგომას.

თუმცა 1980-იანი წლებიდან, მას მერე, რაც მოდაში დიზაინერების ახალმა ტალღამ მოიკიდა ფეხი, საკმარისია ვახსენოთ ჰელმუტ ლენგი, კელვინ კლეინი და ენ დემულემესტერი, მინიმალისტური მოდის იდეა ხელახლა იქცა განხილვის საგნად.  ეს ლეგენდარული და რევოლუციონერი დიზაინერები მოდის პომპეზური ნაწილისგან განცალკევებით დადგნენ, თუმცა მათი შემოქმედება იმდენად ღრმა და უნიკალური იყო, რომ ვერ მოექცეოდა უბრალოდ ძვირფასი ქსოვილებისგან შექმნილი მარტივი სამოსის კატეგორიაში.  ბუნებრივად გაჩნდა დაყოფის საჭიროება, მინიმალიზმსა და მდიდარ არისტოკრატულ წრეებში გავრცელებულ სტილს შორის, რომელთა ერთადერთ მიზანს გემოვნებიანად, თუმცა მარტივად შემოსვა წარმოადგენდა. ამ პროცესებმა მოდაში შემდეგი ტერმინების დამკვიდრებას შეუწყო ხელი: “Quiet Luxury”, “Old Money” და “Stealth Wealth” – ადამიანები, რომლებსაც არ სჭირდებათ სიმდიდრის პომპეზურობით, გუჩისა და ლუი ვიტონის მონოგრამით წარმოჩენა, ყველასთვის ცნობილია მათი პრივილეგირებული ცხოვრების სტილის შესახებ, რადგან როგორც წესი, ეს ყოველივე მემკვიდრეობით აქვთ მიღებული.

 „ჩუმი/მშვიდი ფუფუნება“ გულისხმობს ძალიან მაღალი ხარისხით, ევროპის საუკეთესო ქარხნებში, ინდუსტრიის მოწინავე სპეციალისტების მიერ შექმნილ სამოსსა და აქსესუარებს, უხილავი ბრენდინგით, ნეიტრალური ფერებითა და დიზაინით, რომელიც შექმნილია იმგვარად, რომ დროს გაუძლოს, რომელიც თაობებს გადაეცემა და ათწლეულებთან ერთად, უფრო და უფრო ძვირფასი შესაძლოა გახდეს. თანამედროვე მოდაში,  ესთეტიკის ამ მიმდინარეობის ყველაზე წარმატებული მაგალითებია: Loro Piana და Hermès, საპირისპირო კი, ყველა ის მოდის სახლი, რომლის იდენტობა და ხელწერა, მაქსიმალიზმს, ლოგოებსა და მონოგრამებს ეფუძნება.  

(c) Hermès

განვიხილავთ რა „ჩუმ ფუფუნებას“ როგორც მომენტის ყველაზე მოთხოვნად ესთეტიკას, აუცილებლად უნდა აღინიშნოს სერიალების და ზოგადად კინო ინდუსტრიის გავლენა თანამედროვე მოდის ინდუსტრიაზე. მიმდინარე წლის დასაწყისში, მას მერე რაც HBO Max-ზე სერიალ “Succession”-ის ფინალური სეზონის პრემიერა შედგა, რომლის სიუჟეტიც მდიდარი ოჯახის ისტორიის გარშემო ვითარდება და მთავარი პერსონაჟების სტილსაც აქცევს ყურადღების ცენტრში, „ჩუმი ფუფუნება“ სოციალურ მედიაში ტრენდულ თემად იქცა. მხოლოდ ტიკტოკზე, “Quiet Luxury”-ის თემატიკაზე გადაღებულ ვიდეოებს 35 მილიარდამდე ნახვა ჰქონდა, რამაც მოდის ინდუსტრიაშიც გააღვივა ინტერესი. 

(c) Succession

პრივილეგირებული წრის სტილის მთავარ ტრენდად ქცევას ხელი შეუწყო მოდაში მდგრადი განვითარებისა და გონივრული შოპინგის მნიშვნელობის გაზრდამაც. თუ გასული წლები მოდისთვის თვალი არ გიდევნებიათ, უნდა იცოდეთ, რომ ახლა მოდის ბიზნესის დახასიათებისას გამოიყენება ისეთი სიტყვები, როგორებიცაა ეთიკური და აზრიანი. წლების განმავლობაში, მოდა მხოლოდ ლამაზთან, სახალისოსთან, საინტერესოსთან, გასართობთან თუ კრეატიულთან ასოცირდებოდა, მაგრამ დღეს ის ეთიკურიცაა. მიზეზი მარტივია, თუ იმ შემაშფოთებელ სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, რაც გლამურული ჟურნალებისა და ჩვენებების მიღმაა. ასე მაგალითად, დღესდღეისობით, ნავთობის და გაზის შემდეგ, მოდის ინდუსტრია არის გარემოს დაბინძურების მეორე ყველაზე დიდი წყარო.  ყოველწლიურად უამრავი ტანისამოსი იქმნება, რომელიც საბოლოოდ ნაგავსაყრელზე ისე ხვდება რომ არავის ცმია.

საკმარისია დავფიქრდეთ, რამდენი ტანსაცმელი გვაქვს გარდერობში ისეთი, რომელსაც თითქმის არასდროს ვიყენებთ, რომ პრობლემის არსი ნათელი გახდება. თანამედროვე მოდის ბიზნესში აუარებელი მარკეტინგული რესურსი იხარჯება იმისათვის, რომ დაგვარწმუნონ ყოველ სეზონზე ახალი მაისურის, ფეხსაცმლის, თუ აქსესუარების შეძენის აუცილებლობაში. „ჩუმი/მშვიდი ფუფუნება“ კი, საპირისპირო მიდგომას გვთავაზობს. ის უფრო მეტად არის ახლოს ერთის და ხარისხიანის შეძენის ფილოსოფიასთან, ვიდრე მოდაში დღესღეისობით არსებული ყველა სხვა გაბატონებული ესთეტიკა, ტრენდი თუ სტილი.

უპირატესობასთან ერთად, სამართლიანია აღინიშნოს “Quiet Luxury”-ის მინუსებიც, რაც უკვე შესამჩნევია საერთაშორისო პოდიუმებზე. ფარული სიმდიდრის კვალდაკვალ, მოდა კარგავს ექსცენტრიულობას, ხდება ერთფეროვანი, პროგნოზირებადი და საბოლოოდ – მოსაწყენი. გამომდინარე აქედან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თანამედროვე მოდა, რომელიც ისე, როგორც არასდროს, მიილტვის სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული მომენტების შექმნისაკენ და ამისთვის, ბრენდინგისა და მარკეტინგის ყველა შესაძლო ხერხს ცდის, მთლიანად „ჩუმი ფუფუნების“ სტანდარტებზე გადაერთოს.