რაფ სიმონსი, თანამედროვე მოდაში მამაკაცის სამოსის ერთ-ერთ გამორჩეული დიზაინერი, კოლექციებს საკუთარი ბრენდის სახელით აღარ ქმნის, თუმცა მისი შემოქმედებითი ნიჭით სიამოვნების მიღების შესაძლებლობა Prada-ში კვლავაც გვაქვს. მიუჩია პრადასთან ერთად, ბელგიელი დიზაინერი განაგრძობს Prada-ს ისტორიაში ახალი და პრეცედენტული თავის შექმნას, რომელიც 2020 წელს დაიწყო.
რამდენიმე საათის წინ, სიმონსმა და პრადამ შემოქმედებითი თანადირექტორობით შექმნილი ახალი კოლექცია მილანის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულზე წარადგინეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრენდ Raf Simons-ის დახურვის შემდეგ, სიმონსი კიდევ უფრო მეტი მონდომებით მოეკიდება პრადას მოდის სახლს. შედეგიც სახეზეა – 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია Prada-ს ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია.

ჩვენება კლასიკური მუქი ფერის მინიმალისტური ლუქებით გაიხსნა, თუმცა ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მინიმალიზმი ემიჯნება მოსაწყენ უბრალოებას. სამკუთხედის ფორმის ღია საყელო და კისერზე მორგებული აქსესუარი ერთი შეხედვით ერთმანეთისგან არაფრით გამორჩეულ ლუქებს ინდივიდუალიზმს მატებდა. “კოლექცია არქიტეპულ ტანისამოსს ეხება, ყველასთვის კარგად ნაცნობს, თუმცა სილუეტებში და ჭრებში განსხვავებულს,” – აღნიშნა რაფ სიმონსმა ჩვენების დასრულების შემდეგ.



სწორი ვიწრო კოსტიუმების პარალელურად, კოლექციაში შენარჩუნებული იყო ყოველდღიურობის შეგრძნებაც. სხვადასხვა ფორმებში და ზომებში წარმოდგენილი სპორტული ჟაკეტები იდეალურად ენაცვლებოდა დახვეწილ სილუეტებს და პრადას უახლეს შემოთავაზებას კიდევ უფრო პრაქტიკულს ხდიდა. თავსებადი ფეხსაცმელი და აქსესუარები კი, კომერციული წარმატების გარანტად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
“ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ რეალობის შესახებ. როგორც დიზაინერები, საქმის კურსში ვართ, ვიცით რა ხდება ჩვენ გარშემო, ვიცით პრობლემებისა და სირთულეების შესახებ. ჩვენი სურვილია შევქმნათ მნიშვნელობის მქონე მოდა – ეს არის მთავარი ღირებულება.” – მიუჩია პრადა.
შემოქმედებითი თანადირექტორები: მიუჩია პრადა და რაფ სიმონსი